ესტონეთში ზაზა ურუშაძის ფილმის „აღსარება“ პრემიერა გაიმართა
ოქტომბერი 31, 2017
ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და კომპანია „Allfilm”-ის ორგანიზებით, ესტონეთის კინოს მუზეუმში ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის „აღსარება” პრემიერა გაიმართა. 
რეჟისორის წინა ნამუშევრის, ოსკარის ნომინანტი ფილმის „მანდარინები” მსგავსად, „აღსარებაც” ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა.
ფილმის ჩვენებას შემოქმედებით ჯგუფთან, მთავრობის, დიპკორპუსის, კულტურის, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი – კერსტი კალიულაიდიც დაესწრო. სპეციალურად ფილმის პრემიერისთვის ტალინში ჩავიდა ზაზა ურუშაძე. 
„აღსარებამ” ესტონელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმის ჩვენების პარალელურად კი მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა იყო წარმოდგენილი.
„აღსარების” ქართული პრემიერა თბილისში 24 ოქტომბერს გაიმართა, ამჟამად კი მისი ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.