“ზაფხულის კინოსკოლის” შემაჯამებელი ღონისძება ჩხოროწყუში გაიმართება
ივლისი 19, 2019

21 ივლისს, 20:00 საათზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართება “ზაფხულის კინოსკოლის” შემაჯამებელი ღონისძება. ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, დოკუმენტური ფილმების საერთაშრისო ფესტვალ “სინედოკის” დირექტორი არჩილ ხეთაგური და დოკუმენტალისტი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი დაესწრებიან. ჩხოროწყუში აჩვენებენ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურ ფილმს “გამჭვირვალე სამყარო”.

პროექტი “ზაფხულის კინოსკოლა” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს. ფილმების ყურებისა და დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, კინოსკოლელები კინომისიონერებთან (კინოსპეციალისტებთან) ერთად იღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ჩართულნი არიან სხვადასხვა კინოაქტივობაში. 21 ივლისს  კინოსკოლელები საზოგადოებას თავიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ.
ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, “ზაფხულის კინოსკოლა” წელს 8 ივლისს დაიწყო. პროექტში ჩართულია საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი 25 სოფელი. პროექტის მიზანია მოზარდებში კინოგანათლების პოპულარიზაცია და შემოქმედებითი უნარების განვითარება.