თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
ივნისი 5, 2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა.
4 ივნისს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე თბილისის მერიის ბიგ ბენდის კონცერტის შემდეგ, ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები გამოავლინეს:
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი: მარწყვის დღეები / სლოვაკეთი
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: ტაიმორის შოუ / ისრაელი
- საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ბიზნესი / არგენტინა
- ჟიურის პრიზი: ფანჯარა / იტალია
ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც ისწავლება მსოფლიო კინოსკოლებში:
- რეჟისურა: სართული X / გერმანია;
- ხმის რეჟისურა: მახლობლად / პოლონეთი
- ოპერატორის ნამუშევარი: დანაშაულებრივი მიზანი / ჩინეთი
- მონტაჟი: თავშეყრის შემდეგ / ფინეთი;
- სცენარი: დონორი / საქართველო
2017 წლის ფესტივალის პროგრამაში იყო 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი, მათ შორისაა : აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ჟიურის წევრების და მოწვეული სტუმრების მასტერკლასები, საკონკურსო კინოჩვენებები, ვლადიმერ სულაქველიძის გამოფენა „სკამები” და სხვა ღონისძიებები.