ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება საქართველოში 19 აგვისტოს დაიწყება და ეს პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.
გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში დაგეგმილი გადაღებების ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.
გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე.
საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.
„Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) პოპულარული ბლოგბასტერის მეცხრე ფილმი იქნება. დღემდე არსებული ფილმების შემოსავალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ფილმებში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, იორდანა ბრიუსტერი, ტაირი გიბსონი, კრის ბრიჯისი, ნატალი რამსი, ჩარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ჯონ სენა ასრულებენ.
პროგრამას “გადაიღე საქართველოში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.