კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი − CinéDOC-Tbilisi 21-25 ოქტომბერს მესამედ გაიმართება
ოქტომბერი 20, 2015
CinéDOC-Tbilisi-ს პრესკონფერენცია გაიმართა 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში (მის.: ზ. გამსახურდიას სანაპირო # 4, მე-4 სართული, თბილისი).
პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ: მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი) ნანა ჯანელიძე (ეროვნული კინოცენტრის დირექტორი), არჩილ ხეთაგური (CinéDOC-Tbilisi-ს დირექტორი), ქრისტიან ფრეი (ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, წლევანდელ გამოშვებაში მაყურებელი იხილავს მის ფილმს „უძინარი ნიუ-იორკში”), სანდა ფუქსი (საქართველოში ისრაელის საელჩოს კულტურის ატაშე). 
CinéDOC-Tbilisi 2015, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი, კავკასიაში დოკუმენტური ფილმების ერთადერთი ფესტივალის მესამე გამოშვებაა. ფესტივალი იმართება 21-25 ოქტომბერს კინოთეატრებში „ამირანი”, „რუსთაველი”  და Frontline Club Georgia. ფესტივალს  საერთაშორისოდ ცნობილი რეჟისორები ეწვევიან და წარადგენენ ფილმებს ევროპიდან, ისრაელიდან, აშშ-სა და კავკასიის რეგიონიდან. ამასთანავე, ფესტივალი ორგანიზებას უწევს მასტერკლასებსა და პრეზენტაციებს, რომელსაც  მოწვეული სტუმრები გამართავენ: საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და გაყიდვების მენეჯერები. წარმოდგენილი იქნება ასევე სპეციალური სექცია ბავშვებისთვისა და თინეიჯერებისთვის, რომლის ფარგლებშიც ფესტივალი მართავს დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს ახალგაზრდა აუდიტორიისთვის (CinéDOC Young). ფესტივალის დროს, ასევე გაიმართება ორი ვორქშოპი: ქალი რეჟისორებისთვის კავკასიის რეგიონიდან და Pitching ფორუმი, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები თავიანთ პროექტებს საერთაშორისო სტუმრებს წარუდგენენ.
წლევანდელი გამოშვების რამდენიმე განსაკუთრებული სტუმარია: 
  • ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ქრისტიან ფრეი  (შვეიცარია) წარმოგვიდგენს თავის ფილმს: „უძინარი ნიუ იორკში”, საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში;   
  • ლატვიელი პროდიუსერი, ულდის ცეკულისი  წარმოგვიდგენს ქართულ-ლატვიურ კოპროდუქციას „ორმაგად უცხონი”, სამცხე-ჯავახეთის თემაზე მიძღვნილი ფილმების სერიიდან; 
  • სექციაში „ქალები კადრში”, წარმოგიდგენთ Sundance Directing Award-ის გამარჯვებულ ფილმს, „სიზმართმჭერი”, რეჟისორი: კიმ ლონგინოტო. 
ჩვენი ფესტივალის მუდმივი საკონკურსო სექციებია: საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, Focus Caucasus-ი და CinéDOC-Young (სექცია განკუთვნილი ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის). ასევე წელს, მაყურებელს წარვუდგენთ ახალ სექციას, „სტუმარი ქვეყანა”. ჩვენთვის დიდი 
პატივია, რომ ისრაელი ფესტივალის პირველი სტუმარი ქვეყანაა.  
საქართველოში ისრაელის საელჩოსთან  თანამშრომლობით, მრავალი ფესტივალის ლაურეატ, ხუთი ებრაული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყობა. გარდა ჩვენებებისა, სექციის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერკლასები, პრეზენტაციები, ვრცელი კითხვა-პასუხის სესიები, სადაც დოკუმენტური კინოს
პროფესიონალები  ისრაელიდან გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და იდეებს.
გარდა ამისა, წელს, CinéDOC-Tbilisi, Frontline Club Georgia-სთან თანამშრომლობით, სპეციალურ სექციას ქალებს მიუძღვნის. სექცია „ქალები კადრში” ეძღვნება ქალთა საკითხების წარმოჩენას შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებში. აღნიშნულ სექციასთან დაკავშირებით, გაიმართება ვორქშოპი ქალი რეჟისორებისთვის კავკასიის რეგიონიდან. 
ასევე მოწვეულია განსაკუთრებული სტუმარი, დებრა ციმერმანი − ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის Women Make Movies (WMM) აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაციისა, რომელმაც 1983 წლიდან ასობით ქალ რეჟისორს გაუწია მხარდაჭერა თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. 
ამასთანავე, 24 ოქტომბერს, 10 საათზე „გოეთეს ინსტიტუტში” გაიმართება პიჩინგ ფორუმი Sakdoc-ის ორგანიზებით ნიჭიერი ქართველი რეჟისორებისთვის, რომლებიც თავიანთ დოკუმენტურ პროექტებს საერთაშორისო კინოპროფესიონალებს, გაყიდვების აგენტებს, პროდიუსერებს და ფესტივალის წარმომადგენლებს წარუდგენენ.
ფესტივალის პროგრამა ხელმისაწვდომია CinéDOC-Tbilisi-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.