სექტემბრის თვეში სომხეთისა
და საქართველოს ქალაქებს კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო” ესტუმრა. პროექტი,
რომელიც თბილისისა და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალების ეგიდით ტარდება,
ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და სომხეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების
მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამით განსაზღვრული პირველი
კინოჩვენება 5 სექტემბერს ქალაქ გიუმრიში გაიმართა. ზაზა ურუშაძის „მანდარინების”
პრემიერას სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილე, შირაქის გუბერნიის გუბერნატორი,
გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მისასალმებელი სიტყვების
შემდეგ ფილმი წარადგინა მთავარი როლის შემსრულებელმა გიორგი ნაკაშიძემ. გიუმრის
შემდეგ კინოჩვენებებს ქალაქმა ამასიამ უმასპინძლა. ქართველ კინემატოგრაფისტთა
დელეგაციამ კულტურული პროგრამის ფარგლებში ჰარიჩის მონასტერი მოინახულა და ფრუნზიკ
მკრტიჩიანისა და გურჯიევის სახლ-მუზეუმები დაათვალიერა.
სომხეთის შემდეგ კინოექსპრესმა
გადაინაცვლა სამცხე-ჯავახეთში. სომხური და ქართული ფილმები ნაჩვენები იყო ახალქალაქში,
ნინოწმინდაში, ახალციხესა და ბორჯომში. ამ რეგიონში კინოთეატრების არარსებობის
გამო ფილმებს ძირითადად კულტურის სახლებში ან ღია ცის ქვეშ უჩვენებდნენ.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობის დაინტერესება ახალი ქართული და სომხური
ფილმებით ძალიან დიდი იყო. ახალციხეში კინოსეანსები თეატრის შენობაში და რაბათის
ციხეზე ჩატარდა. ძალიან საინტერესო იყო
შეხვედრა და დისკუსია გიორგი ნაკაშიძესთან ბორჯომის პარკის კინოდარბაზში.
პროექტის განხორციელება მიზნად
ისახავდა კინოხელოვნების გამოყენებას, როგორც ეფექტური და მძლავრი საშუალებისა
ინტერკულტურული დიალოგისთვის, კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებისა და ორი
ქვეყნის დაახლოებისთვის.
ამ პროექტის მეშვეობით მაღალი
ხარისხის კულტურული პროდუქცია მიეწოდება რეგიონის მოსახლეობას, რომელიც მრავალი
სხვადასხვა მიზეზის გამო აქტიურად არ არის ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
ამ თვალსაზრისით პროექტი სოციალურ თანასწორობასაც შეუწყობს ხელს და შეეცდება,
ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს სოციალურ-კულტურული ინტეგრაციასა და ინტერკულტურულ
დიალოგზე არსებული მოთხოვნილება საზღვრისპირა რეგიონებში.
კინოექსრესმა გვიჩვენა, რომ
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დიდი მოთხოვნილებაა ახალი კინოპროდუქციის ჩვენებაზე.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე კინემატოგრაფისტების მიერ გამოითქვა
სურვილი, გაგრძელდეს მუნიციპალიტეტების აღჭურვა კინოსაპროექციო ტექნიკით. კინოჩვენებებს
ახალქალაქსა და ბორჯომში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის წარმომადგენელი მალხაზ სალდაძე და
კულტურის სამინისტროს თანამშრომელი ხათუნა ხუნდაძე ესწრებოდნენ.
ოქტომბრის თვეში „კინოექსპრესი”
თავის მოგზაურობას ისევ სომხეთში განაგრძობს, კერძოდ, ვანაძორსა და ალავერდში.
პროექტი საბოლოოდ დაიხურება, და შედეგები შეჯამდება დეკემბერში თბილისის მე-15
საერთაშორისო კინოფესტივალზე.