კინო დინასტიები ქართული კინემატოგრაფის ჩაკეტილი სამყარო დღის სინათლეზე გამოდის
ოქტომბერი 6, 2014
კირსტენ ჯონსი 
 
 

 
 

 
 
ქართული კინოს ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და მდიდარია მიღწევებით, მუნჯი ფილმებით, შესანიშნავი ლანდშაფტებითა და დინამიური მონტაჟით, დახვეწილი ანტისაბჭოთა კრიტიკითა და გამაოგნებელი მხატვრულ-პოეტური ნარატივებით. დამოუკიდებლად მოაზროვნე ქართველი კინემატოგრაფისტები ხშირად მიმართავდნენ მდიდარ კულტურას, ერთდროულად ძველსა და ავანგარდულს, რომელიც მოიცავს მხატვრობას, პოლიფონიურ მუსიკას, თეატრსა და ცეკვას. ისინი ესთეტურად მრავალფეროვანია. თუმცა ხშირად ეს გაბედული ფილმები საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდნენ, ზოგიერთი კინემატოგრაფისტი დღემდე დაუფასებელია, ბევრი ფილმი კი დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო მაყურებლისთვის.
 
„ქართული კინოს აღმოჩენა”, ფილმების ყველაზე ფართო რეტროსპექტივა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც 25 წლის განმავლობაში მზადდებოდა, მიმდინარეობს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA), ბერკლის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმსა (BAM) და ბერკლის წყნარი ოკეანის კინოარქივში (PFA). MoMA-ში ჩვენება დაიწყო 16 ოქტომერს და დასრულდება 22 ნოემბერს, BAM/PFA-ში კი ღონისძიება 2015 წლის 19 აპრილამდე გასტანს. ჩვენების ორგანიზატორები არიან MoMA-ს კინოს დეპარტამენტის კურატორი იეტე იენსენი და BAM/PFA-ის მთავარი კინო-კურატორი სიუზენ ოქსტობი. მომავალ წელს BAM/PFA რეტროსპექტივას ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეასა და ტორონტოს TIFF-ის სინემათეკაში გამართავს.

 
ქალბატონმა იენსენმა ტელეფონით გვითხრა, რომ „ამ პროექტით გატაცებული იყო [ორივე ორგანიზაციის] კურატორების რამდენიმე თაობა”. მისი თქმით, წყნარი ოკეანის კინოარქივმა წლების განმავლობაში „ძირითადად საბჭოთა ქართული ფილმების მშვენიერი, შთამბეჭდავი კოლექცია შეაგორვა”. აქ და MoMA-ში აშშ-ში მყოფი კინემატოგრაფისტები ზოგიერთ თავის ფილმს ინახავდნენ. რაც შეეხება რეტროსპექტივას: „ჩვენ ის რამდენჯერმე დავგეგმეთ, თუმცა ყოველ ჯერზე გადაიდო. ამისი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქართველებს არ ჰქონდათ და არც ახლა აქვთ ეს ფილმები. ისინი წინააღმდეგები იყვნენ ფილმები რუსეთის არქივიდან გამოგვეთხოვა, სადაც ეს ფილმები საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ინახებოდა. ამრიგად, მათ არ ჰქონდათ ნაყოფიერი და ინოვაციური 20-იანი და 30-იანი წლების მუნჯი პერიოდისა და 50-იანი, 60-იანი და 70-იანი წლების ფილმების ნეგატივები.”

 
საბოლოოდ, გრანტმა ქალბატონ ოქსტობის საშუალება მისცა რამდენიმე წელი ევროპულ არქივებში ნეგატივების ძებნაში გაეტარებინა. ამასობაში საქართველოს არქივებსა და რუსულ „გოსფილმფონდს” შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა და ამ უკანასკნელი ორგანიზაციიდან რამდენიმე ფილმის გამოსყიდვა გახდა შესაძლებელი. „ისინი ძალიან კეთილები იყვნენ ჩვენთან მიმართებაში. ჩვენ რამდენიმე ფილმი შევიძინეთ, დანარჩენი კი გვათხოვეს,” – ამბობს ქალბატონი იენსენი. მისი თქმით, „დღეს ევროპულმა არქივებმა იციან, რომ ეს ქართველებისთვის დიდი პრობლემაა და მათ არა აქვთ ფული. ამდენად, ისინი ითანამშრომლებენ ქართველებთან და მათ კინომემკვიდრეობის დაბრუნებას გაუადვილებენ იმისთვის, რომ ახალმა კინემატოგრაფისტებმა ამ ფილმების ნახვა უკვე საქართველოში შეძლონ.”

 
MoMA-ში ჩვენება ორ ნაწილად იყოფა: „კინო დინასტიები” და „ცისფერ მთებს მიღმა”. პირველი ეხება იმას, რასაც ქალბატონი იენსენი „არაჩვეულებრივ ფენომენს” უწოდებს. ესაა ოჯახური კავშირების მჭიდრო ჯაჭვი, რომელსაც მკვლევარი მცირე კინოსამეწარმეო ერთეულად მოიხსენიებს. ამისი მაგალითია ნიკოლოზ შენგელაია, ჟრუანტელის მომგვრელი მუნჯი ფილმის, „ელისოს” (1928), რეჟისორი, რომელსაც ცოლად ჰყავდა მსახიობი ნატო ვაჩნაძე, მათი შვილები კი კინორეჟისორები არიან. ელდარ შენგელაია არის ფილმის „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1984) რეჟისორი. ესაა სატირა, რომელშიც მოქმედება დანგრევის პირას მყოფ საგამომცემლო სახლში ვითარდება, სადაც ხელნაწერები ხელიდან ხელში წაკითხვის გარეშე გადადის, გაბზარული კედლიდან სურათის ჩამოხსნა კი შეუძლებელია გაუთავებელი ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე. გიორგი შენგელაიას ნამუშევრებს შორის კი არის „ფიროსმანი” (1969) – სახალხო მხატვარ ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილის ცხოვრების ამსახველი შთამბეჭდავი პორტრეტი.

 
მეორე დინასტია ხაზს უსვამს ქალების როლს ქართულ კინოში. ნუცა ღოღობერიძემ თავისი ბრწყინვალე დოკუმენტური ფილმი „ბუბა” (1930), ავანგარდისტ მხატვარ დავით კაკაბაძესთან ერთად, მთებში გადაიღო. ქალბატონმა იენსენმა გვიამბო, თუ როგორ იყო გადაასახლებული მრავალი წლის განმავლობაში ნუცა ღოღობერიძე სტალინურ ბანაკში, როგორ იკვლევდა მისი ქალიშვილი, ფემინისტი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, დედამისის წარსულს და როგორ მიაგნო „ბუბას” გოსფილმფონდის არქივში. ლანას ქალიშვილი სალომე ალექსი ასევე კინემატოგრაფისტია. მისი სხარტი კომედია „ფელიჩიტა” (2009) ოჯახების გამოსაკვებად უცხოეთში არალეგალ ემიგრანტებად წასული ქალების მძიმე ცხოვრებას ასახავს.

 
კიდევ ერთი ხელახლა აღმოჩენილი ფილმია სახელგანთქმული მიხეილ კალატოზოვის ავანგარდული ალეგორია „ლურსმანი ჩექმაში” (1930-1932), რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო. დანარჩენი კიდევ აღმოსაჩენია. ქალბატონი იენსენის თქმით, „კიდევ ძალიან ბევრი ფილმია აღმოსაჩენი. ძალიან ამაღელვებელია, რომ ეს განძი სულ ახალი ნაპოვნია, რადგან ხალხმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის, ხოლო ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ, რა მარგალიტებთან აქვთ საქმე, ძირითადად, რუსი მკვლევარები არიან, რომლებსაც ესმით ქართული კინოს სპეციფიურობა და განსაკუთრებულობა.”

 
თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სულისშემძვრელი, რეალისტურად გადაღებული ფილმით გაღატაკებულ გლეხ ქალზე „მაგდანას ლურჯა” (1955) მე-20 საუკუნის შუა წლებში ქართულ კინოში ახალი ნაყოფიერი პერიოდი დაიწყო. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ აბულაძემ გადაიღო კიდევ უფრო გამანადგურებელი „მონანიება” (1984), სიზმრისმიერი, რამდენიმე თაობის ცხოვრების ამსახველი საგა სტალინურ ტერორზე, რომელიც გამსჭვალულია გულისტკივილითა და შავი იუმორით. ფილმი თაროზე შემოდეს და რამდენიმე წლის შემდეგ გამოუშვეს.

 
ოთარ იოსელიანისა და სერგეი ფარაჯანოვის თვალწარმტაცი ფილმები წარმოგვიდგენენ პოეტური თხრობის სრულიად სხვნაირ ხერხს. იოსელიანის „ტატისებურ”კომედიაში „აპრილი” (1962), ახალგაზრდა წყვილი კიდევ უფრო უბედური ხდება მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად გადადის პრიალა საცხოვრებელ კომპლექსში და, ქონების დაგროვებასთან ერთად, ბუნებასა და წარსულს შორდება. მისი „იყო შაშვი მგალობელი” (1971) თან დაჰყვება ახალგაზრდა, მოუსვენარ პერკუსიონისტს და თბილისელების პორტრეტების კალეიდოსკოპთან ერთად სიცოცხლის სიმყიფეს გვაჩვენებს. დოდო აბაშიძისა და ფარაჯანოვის მიერ გადაღებული ფერისა და მითის გობელენი „ამბავი სურამის ციხისა” (1985) სულისშემძვრელ ლეგენდას თვაწმარმტაც სურათად გარდაქმნის. ბრწყინვალე ფარაჯანოვი რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული და 1990 წელს გარდაიცვალა, მანამდე კი მას 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია ფილმის გადაღების შესაძლებლობა.

 
ჩვენება აგრეთვე მოიცავს რამდენიმე ფილმს ქართული კინოს თანამედროვე „ახალი ტალღიდან”. ქალბატონ იენსენის თქმით, ეს რეტროსპექტივა დიდი ხნის წინ მომწიფდა: „ვფიქრობ, რომ ეს კარგი დროა რეტროსპექტივისთვის, რადგანაც მართლაც არსებობს სრულიად ახალი ქართული კინო. მე მჯერა, რომ როდესაც ასეთ მიმოხილვას აკეთებ, ეს უდავოდ წაახალისებს მკვლევარებს შეხედონ ამ ნამუშევარს და მოუძებნონ ადგილი კინოს ისტორიაში, თუმცა, ამავდროულად, ესაა ნიჭი, რომელიც ისტორიიდან მომდინარეობს.” „ქართული კინოს აღმოჩენა” ესაა მიღწევა, რომელიც პატივს მიაგებს შემოქმედებითი და გამბედავი კინემატოგრაფისტების თაობებს.