პროექტს “კინო სკოლაში” მსჯავრდებული მოზარდები შეუერთდნენ!
ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით, კინოჩვენებები და დისკუსიები გაიმართა N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, N11 არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და „მედიაციის სახლში“ განრიდების პროგრამაში მყოფი მოზარდებისთვის . თითო ლოკაციაზე შედგა 10 კინოჩვენება-დისკუსია. პროცესს ეროვნული კინოცენტრის კინომისიონერები წარმართავდნენ.
გარდა ამისა, განრიდების პროგრამაში მყოფი მოზარდები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაესწრნენ ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას. N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და N11 არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კი გაიმართა თანამედროვე ქართული ფილმების – „მეზობლები“ და „მოირა“ ჩვენება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, პროექტში ჩართული ახალგაზრდები შეხვდნენ ამ ფილმების შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს – რეჟისორსა და მსახიობებს.
„კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი უკვე მეხუთე წელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს.