„კინო სკოლაში“ წლევანდელი სეზონი ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დაიხურება
დეკემბერი 13, 2018

15 დეკემბერს, 13:00 საათზე, „გარდენ ჰოლში“ (მის: დავით აღმაშენებლის გამზ. 73 (ილიას ბაღი) პროექტის „კინო სკოლაში“ წლევანდელი სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება ინტელექტუალური თამაშით „რა? სად? როდის?“ დაიხურება, რომელშიც 350 კინოსკოლელისგან შემდგარი 50 გუნდი ჩაერთვება.
თამაშს ტრადიციულად გიორგი მოსიძე გაუძღვება, კითხვები კი სპეციალურად კინოსკოლელებისთვის კინოთემატიკის მიხედვით შედგა.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში მოხდება შემდეგ კონკურსებში გამარჯვებული კინოსკოლელების დაჯილდოვება:

  • საუკეთესო კინოაფიშის შექმნა
  • ფოტოკონკურსი
  • დღის კითხვა
  • საუკეთესო კინოკლუბის პროფილი

„კინო სკოლაში“ კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი უკვე მეხუთე წელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით წარმატებით მიმდინარეობს. პროექტში ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში. პროექტში უკვე ჩაერთო 800 სკოლა და შედგა 9800 კინოჩვენება. კინოსკოლელები უყურებენ ფილმებს, მართავენ დისკუსიებს და პროფესიონალების დახმარებით იღებენ მოკლე ფილმებს, ასევე ერთვებიან სხვადასხვა შეჯიბრებებში. პროექტის ელჩი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანია.

„კინო სკოლაში“ ახალ სეზონს გაზაფხულზე დაიწყებს.