კოტე მარჯანიშვილის 1927 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება ელექტრონული მუსიკის თანხლებით გაიმართება
ოქტომბერი 2, 2019

4 – 6 ოქტომბერს საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ილიას ბაღში (თბილისი, აღმაშენებლის გამზირი # 73) გაიმართება კოტე მარჯანიშვილის 1927 წელს გადაღებული ფილმ „ამოკის“ ჩვენება ელექტრონული მუსიკის თანხლებით. მუსიკალურ ნაწილზე ვაჟა მარმა და გიო კუჭუხიძემ იმუშავეს. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და არტარეა ერთობლივად წარმოადგენენ.

„ამოკი“ უცხოური ლიტერატურული ნაწარმოების პირველი ეკრანიზაციაა ქართულ კინოში. ფილმი შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით შეიქმნა მთავარ როლში ქართული კინოს ვარსკვლავის – ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით.

ფილმ „ამოკის“ საწყისი მასალები საქართველოში დაბრუნდა რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი პროექტის – „კინომემკვიდრეობის დაცვის“ ფარგლებში. საქართველოს ეროვნულ არქივში მოხდა საწყისი მასალების სკანირება მაღალი გარჩევადობით, ფილმის ციფრულ რესტავრაციაზე კი კინორეჟისორმა გიორგი კაკაბაძემ იმუშავა.

ევროპის მემკვიდრეობის დღეების აღნიშვნის ტრადიცია ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს,
ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამაა, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო.