უკვე ცნობილია იმ ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობების სია, რომლებიც ბერლინის 70-ე კინოფესტვალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარდგებიან. ახალგაზრდა ვარსკვლავების ათეული „ევროპული კინოს პრომოუშენმა“ (EFP – European Film Promotion) გამოაქვეყნა, გადაწყვეტილება კი კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ მიიღო.
“21 წლის ასაკში იგი ფიზიკური ელეგანტურობისა და ფსიქოლოგიური სენსიტიურობის ოსტატია“ – ასე ახასიათებს ჟიური ლევან გელბახიანს. ლევანის სამსახიობო დებიუტი 2019 წელს ლევან აკინის ფილმში შედგა სახელწოდებით „და ჩვენ ვიცეკვეთ“. პირველმა კინოროლმა ახალგაზრდა მსახიობს დიდი საერთაშორისო აღიარება, არაერთი პრესტიჟული ჯილდო და ნომინაცია მოუტანა.
ბერლინალეს მსვლელობისას ლევან გელბახიანს მის უცხოელ კოლეგებთან ერთად შესაძლებლობა ექნება პირისპირ შეხვდეს კასტინგის წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს. 24 თებერვალს კი ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს ბერლინში „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ.
ღონისძიება „შემოქმედებითი ევროპის მედია პროგრამის“, ევროკავშირისა და „ევროპული კინოს პრომოუშენის“ წევრი ორგანიზაციების მხარდაჭერით იმართება.
„ევროპული კინოს პრომოუშენი“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.