22 აგვისტოს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ფესტივალის პრიზებისთვის სულ 53 ფილმი იბრძოდა.
გამარჯვებულებს შორის დასახელდა ლევან გელბახიანი. ლევანი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს – “სარაევოს გულის” მფლობელი გახდა ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის.
საკონკურსო სექციების გარდა, კინოფესტივალის საპატიო ჯილდო “სარაევოს გული” გადაეცათ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, პაველ პავლიკოვსკის, იზაბელ იუპერსა და ტიმ როთს.
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს სულ 3 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში აჩვენეს ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა 12”, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში – პეტრე თომაძის “ღამის სეანსი”.
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინოღონისძიებად ითვლება.