ლევან კოღუაშვილი ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმით ბრუნდება!
აპრილი 23, 2021

ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ იორკში, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმი სახელწოდებით „მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთ გზის და ოლიმპიური თამაშების ორ გზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ -ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე.   ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი,  რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული  ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინო ოპერატორი.

“მეოთხე ბრაიტონი“ წარმოდგენილია კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში, სადაც გაიცემა ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი), საუკეთესო მსახიობი (ქალი).

„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში,  ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და  რუსეთისა კოპროდუქციაა. “მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერია  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

ლევან კოღუაშვილისა და ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობა 2006 წელს იწყება, როდესაც რეჟისორმა კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვალი“ წარმოადინა.

ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტიალი 2001 წელს რობერტ დე ნირომ  და ჯეინ როზენტალმა დააარსეს და მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად ნიუ იორკში იმართება. წელს იგი 9-20 ივნისს ჩატარდება და სავარაუდო იქნება პირველი მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ 1 წლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკელებს სახლიდან გამოიყვანენ და კინოთეატრებში დააბრუნებენ. ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება 64 ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს 23 ქვეყნიდან.