მემორანდუმი ეროვნულ არქივსა და კინოცენტრს შორის
სექტემბერი 3, 2014

ეროვნულ არქივსა და კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ.
„დღეს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ეროვნული არქივი და კინოცენტრი კიდევ უფრო ნაყოფიერად ითანამშრომლებენ. ამიერიდან ეროვნულ არქივში შეინახება კინოცენტრის დაფინანსებით გადაღებული კინოფილმების ციფრული ასლები, ამ ფილმების სცენარები, აღდგენილი ფილმების ფირები. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს შთამომავლობას შემოვუნახოთ მთლიანად ის კოლექცია, რომელსაც დღეს ქართული კინემატოგრაფია ქმნის კინოცენტრის დახმარებით”, – განაცხადა თეონა იაშვილმა.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ეროვნულ არქივთან და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი ახალი პროექტი გვექნება. ეს მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ფილმები, რომლებიც იწარმოება ჩვენი დაფინანსებით, ასევე ფირზე აღდგენილი ფილმები, აუცილებლად უნდა ინახებოდეს ეროვნულ არქივში, სადაც დაცვის განსაკუთრებული პირობებია. ამასთან ხელმისაწვდომი იქნება მკვლევარებისა და დაინტერესებული პირებისთვის”, – აღნიშნა ნანა ჯანელიძემ.
 

 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ყოველი წლის ბოლოს ყველა იმ ფილმის ციფრული ვერსიის თითო ეგზემპლარის, ასევე, ფილმების გადაღებასთან დაკავშირებული ფოტომასალის ეროვნული არქივისთვის მუდმივად შესანახად გადაცემას, რომელიც იმ დროისთვის კინოცენტრში იქნება დაცული. გარდა ამისა, არქივს გადაეცემა აღდგენილი ფილმების ციფრული ვერსიების თითო ეგზემპლარი და გამარჯვებული პროექტების ბეჭდური ვერსია. დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს უწყებების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ინფორმაციის გაცვლასა და სიახლეების გაზიარებას.
 

 

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში 35 000-მდე კინოდოკუმენტი ინახება. კოლექცია მოიცავს დოკუმენტურ ფილმებს, კინოსიუჟეტებს, კინოქრონიკას, კინოჟურნალებსა და მცირე რაოდენობით მხატვრულ ფილმებს. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ეროვნული არქივისთვის გადაცემული მასალა ფასდაუდებელი შენაძენი იქნება არქივის კინოკოლექციისთვის.