ევა ჰუსონის “მზის გოგონები” კიდევ ერთი ფილმი გახდა, რომელმაც საქართველოში გადაღებებისას გაწეული ხარჯის 20%-ზე მეტი დაიბრუნა. გადაწყვეტილება ფილმის ნახვის შემდეგ სპეციალურმა კომისიამ შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღო:
- ფილმი დასრულდა და პრემიერა შედგა;
- საქართველოს მოქალაქე დასაქმდა მნიშვნელოვან პოზიციებზე (მთავარი როლი, რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და ა.შ.);
- ფილმში დაფიქსირებულია ქართული ელემენტები;
- პოსტ პროდუქციის განხორციელება საქართველოში;
- დისტრიბუცია და ფესტივალები;
5 კრიტერიუმიდან ფილმმა 3 მათგანი დააკმაყოფილა, შესაბამისად, წარმოებისას გაწეული კვალიფიციური ხარჯის 20 %-თან ერთად, დამატებით 3% მიიღო!
„მზის გოგონები“ საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი 2016 წლიდან დაემატა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯის 20 % უკან დაიბრუნონ. დამატებით 2%-დან 5%-მდე ანაზღაურება კი პოპულარიზაციის კომპონენტში 5 პუნქტიანი კულტურული ტესტის საფუძველზეა შესაძლებელი.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში” მიერ მხარდაჭერილია 23 პროექტი, მათ შორის კოპროდუქციები საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, ბრიტანეთთან, ირლანდიასთან და ჩინეთთან. ამ ეტაპზე ჯამური ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 58,2 მილიონ ლარს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 7950-ს აღწევს.
პროგრამას “გადაიღე საქართველოში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.
“მზის გოგონების” ჩვენება კინოს სახლის კინოდარბაზში საქართველოს კინოაკადემიის მხარდაჭერით გაიმართა.