ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით 25-30 ივნისს ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს მესამედ უმასპინძლებს. ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს შესთავაზებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.
ღონისძიების მონაწილეები რეგულაციების დაცვით ნახავენ უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს (სულ 20-მდე ფილმს). მათ შორის იქნება: ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევრი „ანტონი“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შერჩეული და უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმი „დასაწყისი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი), ასევე საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ (რეჟისორი სალომე ჯაში) და ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, რომლის მსოფლიო პრემიერაც წელს გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ბაკურიანის კინოფორუმს დაესწრებიან კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები. კინოჩვენებების გარდა, ფორუმის სტუმრებს “შემოქმედებითი ევროპა” შესთავაზებს პროგრამის პრეზენტაციასა და საინტერესო დისკუსიებს ქართულ კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესებზე.
ღონისძიება ჩატარდება რეგულაციების დაცვით, შესაბამისად კინოთეატრში შემცირებული ადგილების გამო, კინოჩვენებებს წელს მხოლოდ ფორუმის მონაწილე სტუმრები დაესწრებიან.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან შპს “ემ თი ეი “ , „შემოქმედებითი ევროპა“ , სასტუმრო „კრისტალი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
ქართული კინოს ფორუმის მონაწილე ფილმები:
- “ანტონი” (რეჟისორი ზაზა ურუშაძე)
- “ნათლობა იორდანეში” (რეჟისორი მიხო კვირიკაძე)
- “პაპანაქება” (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი)
- “გუშაგები” (რეჟისორი სანდრო სულაძე)
- “სასტუმრო მირაჟი” ( რეჟისორი გურამ ბაქრაძე)
- “ბოდიში დაგვიანებისთვის” (რეჟისორი ლუკა ბერაძე)
- “მოთვინიერება” (რეჟისორი სალომე ჯაში)
- “დასაწყისი” (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი)
- “წყალს არ აქვს საზღვრები” (რეჟისორი მარადია ცაავა)
- “დიანა, ანუკა და ფეხბურთი” (რეჟისორი ქეთი კაპანაძე)
- “მზიური” (რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი)
- “ხელოსანი თუ ხელოვანი” (რეჟისორი გიორგი ცხვედიანი)
- “მშთ 15 ბედნიერების ანგელოზი” (რეჟისორი ვახო კუნცევ – გაბაშვილი)
- “გვიანი შემოდგომა” (რეჟისორი გია ბარაბაძე)
- “რესპუბლიკა” (რეჟისორები ხვიჩა ემირიძე, თინათინ ემირიძე)
- “მკვდარი სულების არდადეგები” (რეჟისორები კეკო ჭელიძე, კოტე კალანდაძე)
- “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” (რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე)