ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალისთვის მზადება გრძელდება. ფესტივალის მიერ შერჩეული პროფესიონალი ოლივიერ კატერინი უკვე თბილისშია და ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის 1 მაისის ჩათვლით სასტუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი” ვორქშოპებს ჩაატარებს.
ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ბაზრობამ (MIFA) რამდენიმე კვირის წინ გამოავლინა 6 მოკლემეტრაჟიანი (5-10 წთ) ანიმაციური ფილმის პროექტი საქართველოდან.
გამარჯვებული პროექტებია:
იუპიტერის სიზმარი: დავით რიკიაშვილი
ლილე: ნათია ნიკოლაშვილი
მეთევზე და გოგონა: მამუკა ტყეშელაშვილი
განდეგილი: დათო კინკნაველიძე
ჯიბის კაცი: ანა ჩუბინიძე , ლუკა ცეცხლაძე
სელფი დათვი: ილია აგლაძე
ოლივიერ კატერინი სწორედ ამ პროექტების განვითარებაზე იმუშავებს, ერთი საუკეთესო პროექტის შერჩევის შემდეგ კი მას ანესის ფესტივალზე წარსადგენად მოამზადებს.
ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანესში ტარდება. წელს ფესტივალს 55 წლის იუბილე აქვს. იგი სტარტს 15 ივნისს აიღებს და 20 ივნისამდე გაგრძელდება.