ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე MANAKI BROTHERS 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი
სექტემბერი 2, 2019

14 – 21 სექტემბერს მაკედონიის ქალაქი ბიტოლა უმასპინძლებს ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალს MANAKI BROTHERS. ფესტივალზე, რომლის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა, შემდეგი 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი:

  1. რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”;
  2. თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”;
  3. მარიამ ხაჭვანის “დედე”;
  4. ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”;

MANAKI BROTHERS კინოოპერატორთა ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალია, რომელიც მაკედონიის კინოპროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით 1979 წელს დაარსდა. იგი ცნობილი ოპერატორი ძმების – იანაკი და მილტონ მანაკების სახელს ატარებს.

ფესტივალის ჯილდო “კამერა 300” არაერთი წარმატებული კინემატოგრაფისტისთვის გადაუციათ. მათ შორის არიან მსახიობები: დერილ ჰანა, კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და ჟულიეტ ბინოში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს “კამერა 300”-ის მფლობელი ქართველი ოპერატორი მინდია ესაძე გახდა მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “დინოლა”.