ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად სპეციალური კომისია შეიქმნა
აგვისტო 21, 2018
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა.
კომისია 9 წევრისგან შედგება:
1. მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
2. დიმიტრი მამულია – რეჟისორი
3. გივი-ბესიკ ოდიშარია – სცენარისტი
4. ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი
5. ია შუღლიაშვილი – მსახიობი
6. კახა კანდელაკი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი
7. ზურაბ მაღალაშვილი – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
8. გოგი მიქელაძე – მხატვარი
9. ნინო მხეიძე – კინომცოდნე
რამდენიმე კვირის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს შეერჩია 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
24 ივლისს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 6 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:
  • „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  • „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
  • „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  • „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  • „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  • „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება ოსკარზე.