პროექტი „კინო სკოლაში“  გაზაფხულის სეზონს კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაციის დახმარებით დისტანციურად ატარებს
მაისი 27, 2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, პროექტი „კინო სკოლაში“ 2020 წლის გაზაფხულის სეზონის აქტივობებს განსხვავებული ფორმატით ახორციელებს. უკვე დაიწყო ახალი კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის გამოყენება, რომელიც ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარდა პროექტში „კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER) ჩართულნი არიან იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სერბეთი და სლოვენია. ეს არის საერთაშორისო კინოსაგანმანათლებლო რესურსი, რომლის მიზანია კინოსპეციფიკის სწავლება ონლაინ ფორმატში.

ამჟამად პროექტში ჩართულია 17 კინომისიონერი, 40 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით და 285 კინოსკოლელი. სასწავლო რესურსი განკუთვნილია 13-19 წლის მოზარდებისთვის და აერთიანებს შემდეგ თემებს: კადრის შექმნა, გამოსახულების გაჭრა, კადრს მიღმა მოქმედება, მონტაჟი, პარალელური მოქმედება, ხმა, პერსონაშის შექმნა და ა.შ.

ონლაინ პლატფორმის გამოყენებამდე მოხდა კინომისიონერების გადამზადება. სასწავლო მასალის ახსნის შემდეგ, სწორედ კინომისიონერების დახმარებით ეძლევათ შესაძლებლობა კინოსკოლელებს გადავიდნენ პრაქტიკულ სამუშაოებზე და ონლაინ შეასრულონ კონკრეტული დავალებები, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

ამჟამად, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ორ აპლიკაციაზე – პროპაგანდა კინოში და კინოს საშუალებით ხელოვნების სწავლება. აპლიკაციები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლიდან.

ეროვნული კინოცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.