რუსუდან გლურჯიძის მხატვრული ფილმის პროექტმა “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა
მარტი 22, 2021

ევროპის საბჭოს კინოფონდ “ევრიმაჟის” მორიგ, 162-ე სამუშაო სესიას სტრასბურგმა აონლაინ ფორმატში უმასპინძლა. პროექტების განხილვისას რუსუდან გლურჯიძის მხატვრული ფილმის პროექტს “ანტიკვარიატი” იცავდა საქართველოს წარმომადგენელი “ევრიმაჟში” ნინო კირთაძე.

“ევრიმაჟის” გადაწყვეტილებით, 162-ე სამუშაო სესიაზე სულ 24 ფილმის პროექტი დაფინანსდა 5,822,000 ევროს ოდენობით. გამარჯვებულებს შორის მიშელ ჰაზანავიშუსის და ძმებ დარდენების პროექტებთან ერთად შეირჩა რუსუდან გლურჯიძის მხატვრული ფილმის პროექტი “ანტიკვარიატი”.

“ანტიკვარიატი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველო-ხორვატია-რუსეთის კოპროდუქციაა. პროექტმა “ევრიმაჟი”-სგან მიიღო დაფინანსება 150 000 ევროს ოდენობით.

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე კინოფონდის მიერ მხარდაჭერილია 16 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ქართული პროექტების დასაფინანსებლად კი გაცემულია 3 242 322 ევრო.

2019 წლის ივლისიდან “ევრიმაჟში” საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე იკავებს.