რუსუდან გლურჯიძის ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმის დებიუტი
ივლისი 11, 2016

გთავაზობთ გავლენიან ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ რეცენზიას რუსუდან გლურჯიძის ფილმის “სხვისი სახლი” შესახებ ქართულ ენაზე. სტატიის ორიგინალს გაეცანით მოცემულ ბმულზე.

“დახვეწილი, მოგონებების აღმძვრელი და ღრმა შინაარსით დატვირთული ამბავი მიტოვებასა და მის მიერ დატოვებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებზე – რთულია დაიჯერო, რომ მხატვრული ფილმი ”სხვისი სახლი” ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის პირველი ნამუშევარია. ფილმის არცერთ ეტაპზე არ იგრძნობა ახალბედა რეჟისორებისათვის დამახასიათებელი არადამაჯერებლობა;  „სხვისი სახლი” არის ფილმის შექმნაში მონაწილე ყველა რგოლის გამორჩეული და ვირტუოზული ნამუშევრის ნიმუში; რუსუდან გლურჯიძის გარეგნული გამბედაობა დახვეწილ, მკაფიო და ერთგვარად უცხო შეგრძნებებს იწვევს. ფილმი იტევს ომის შემზარავ ამბავს – გამარჯვებულის მიერ ჩადენილ დანაშაულს, დამპყრობლების მიერ ოკუპირებული მიწების დაკავების უმძიმეს სცენებს, რომლებიც კონკრეტულ და ჭეშმარიტ დროსა და სივრცეშია რეალიზებული. განწყობის შექმნის თვალსაზრისით, ფილმი ალბათ ყველაზე მეტად სულებსა და მოჩვენებებზე შექმნილ ამბავს მოგვაგონებს, სადაც მდევარი ხშირად თავად ხდება დევნის ობიექტი.
რეჟისორის საკუთარი გამოცდილებით შთაგონებული ფილმი იწყება 1990-იან წლებში – “ომის შემდეგ” განვითარებული მოვლენების აღწერით: ჯინჯერი (მალხაზ ჯორბენაძე) – საეჭვო რეპუტაციის მქონე ოპორტუნისტი, რომელიც საქართველოს კუთვნილ უკვე ოკუპირებულ შორეულ სოფლებში კონფლიქტის დროს მიტოვებულ სახლებში ოჯახების შესახლებით სარგებლობას ნახულობს – საქარემინადაბზარული ჯიპის საჭესთან ზის და ერთ პატარა ოჯახს – მამა ასტამურს (ზურაბ მაღალაშვილი), მის ცოლსა და მცირეწლოვან ვაჟიშვილს – წვიმიან ამინდში აღმართზე მიაგრუხუნებს. დედა, ლიზა (ოლგა დიხოვიჩნაია), ავტომობილის ფანჯრიდან გარეთ იყურება – მის სახეზე  დაღლილობაც და მოლოდინიც ერთდროულად არის აღბეჭდილი, შვილს, ლეოს (სანდრო ხუნდაძე), გულში იკრავს და თან ჯინჯერს უსმენს, რომელიც მათ ახალ სახლს ხოტბა-დიდებას ასხამს: აღწერს გარემოს თვალწარმტაც სილამაზეს და უყვება მათ, რა ტკბილი ნაყოფი აქვს მანდარინებს, რომლებიც სახლის ირგვლივ უხვად იზრდება.
უწინდელი პატრონების ავეჯით სავსე სახლში მათ შესვლას შორიდან ბინოკლით ადევნებს თვალს ირა (განსაცვიფრებელი სალომე დემურია), სამხედო ფორმაში გამოწყობილი ქალი, რომელიც მის ქვრივ დასთან აზიდასთან (ია სუხიტაშვილი)  და მოზარდ დისშვილთან ნატასთან (ეკატერინე ჯაფარიძე) ერთად მთის ფერდობზე მაღლა მდგარ უფრო დიდ სახლში ცხოვრობს. ისინი ახალმოსახლეების ერთადერთი მეზობლები არიან; მაგრამ, ვიდრე ნატა და ლეო დამეგობრდებოდნენ (და ლეო ერთგული ლეკვივით დაიწყებდეს მასზე უფროსი გოგონას დევნას), კაცთმოძულე ირა, რომელიც ფარულად აგრძელებს სამხედრო თვითმომზადებას და შეუძლია შორი მანძილიდან ტოტზე შერჩენილი მანდარინი ერთი სროლით ჩამოაგდოს, მტრულ განწყობას ინარჩუნებს ახალი მეზობლების მიმართ.
ამ მარტივი სცენიდან იწყება ულამაზეს გარემოში ფილმის უცნაური სიუჟეტის განვითარება. განსაცვიფრებელია ოპერატორ გორკა გომეზ ანდრეუსის ნამუშევარი: აკადემიურად გადაღებული ხატოვნი სცენები, ჰოლანდიელი ოსტატების მხატვრულ სტილში განათებული საყოფაცხოვრებო ინტერიერები (ფილმის გრაფიკა ერთდროულად არის რთულიც და ავთენტურიც) და  კამერის დახვეწილი მოძრაობა, რომელიც სევდიან, მელანქოლიურ განწყობას ქმნის, ისე, რომ წამითაც არ წყდება რეალიზმს, მოსრიალე კამერის მიერ დაჭერილი თითოეული გამოსახულება გალერეაში გამოსაფენ ექსპონატს ემსგავსება: მაყურებლისაკენ ზურგით მდგარი ქალი, რომელიც ბოძს ეყრდნობა და ეკრანზე მისი ცალი ფეხსაცმლის ძირი ჩანს; კაცი, რომელიც ზის ფანჯარასთან, რომლიდანაც შემომავალი სინათლის ნაკადი ვერმეერისეულ ფერწერულ ტილოს მოგვაგონებს.  მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ ნივთებს შორის გარდიგარდმო დადებული ტაფა, რომელიც უეცრად სეზანის ნატურმორტს წააგავს; მანდარინის კორომებში ერთმანეთის სიყვარულით გართული წყვილი, რომელიც თანდათან შორდება მაყურებლის ხედვის არეს, რადგან ოპერატორის კამერა ნელ-ნელა უკან იხევს. კამერის სვლის ეს უკანასკნელი სტილი ფილმში უხვად არის გამოყენებული და ბევრი კადრი კამერის უკან სვლით ბოლოვდება, რაც თითქოს ყველაფრის დასასრულის არსებობას შეგვახსენებს, ფილმში გაჟღერებული  ყველა დიალოგი თითქოს არის დასკვნა, ყოველი მომენტი -დასასრული. რუსუდან გლურჯიძის ფილმი ელეგიას წააგავს.
მთელი ფილმის განმავლობაში გვხვდება იდუმალი ალუზიები და განმეორებადი კადრები: სარკეები და ფანჯრები და ყურადღება გამახვილებულია შეგრძნებებთან ასოცირებულ დეტალებზე: ქსოვილზე ან ქსოვილის ფაქტურაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის ნივთი თუ საგანი. ფილმში ჩნდება გლეხის შავ სამოსში გამოწყობილი ქალი, რომელიც მოჩვენებასავით ეზმანება მონუსხულ ასტამურს. ფილმში ისმის ბუნდოვანი საუბარი სოფლისა და მისი გამქრალი მოსახლეობის შესახებ, რომელიც ალეგორიულად სამოქალაქო ომით წალეკილ ნებისმიერ ქვეყნას ესადაგება. ფილმის ერთ-ერთ ძლიერ ელემენტს წარმოადგენს ეჭვი და გენდერული უნდობლობა: მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა ქალთან – ირასთან აბამს სასიყვარულო ურთიერთობას, მათ ცეცხლსასროლი იარაღები დაუდევრად აქვთ ქამრებზე ჩამოკიდებული და არაფერი იციან იმის შესახებ, რომ მათი ტუჩების მოძრაობით მათ მიერ ერთმანეთისათვის ნათქვამ სიტყვებს შორიდან კითხულობს ზიზღით გამსჭვალული ლიზა; აზიდა, რომელიც ჯინჯერს მოხიბლავს და შემდეგ ეუბნება მას, რომ მათი ეს შეხვედრა უკანასკნელია. და ეს ხდება ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი ნატა პირველად აკოცებს ლეოს, რომელიც ამ კოცნას დიდი ხანია ელის და შემდეგ ეუბნება მას, რომ ეს აღარ გამეორდება. როგორც ჩანს, მანდარინი მანდარინის ხიდან არც ისე შორს ეცემა.
და, საბოლოო ჯამში, ეს არის ფილმი მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვებზე, დანაშაულზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა,  ტანჯვასა და ტკივილზე, რომელიც მას შემდეგაც განაგრძობს არსებობას, როცა მათი ობიექტი თვალსაწიერს მიეფარება. თემატურად და ხშირად ვიზუალურადაც ფილმი ბერგმანის ან ტარკოვსკის ნამუშევარს წააგავს, თუმცა მას საკუთარი ძლიერი ინდივიდუალური  შტრიხი დაჰყვება, რომელიც სულისშემძვრელ ტკივილს აღწერს, ტკივილს, რომლითაც გამსჭვალულია სახლის კედლები და რომელიც აიძულებს მასში შეჭრილ ახალმოსახლეებს, ჩურჩულით ესაუბრონ ერთმანეთს, თუმცა ისინი ვერ აცნობიერებენ, რა დგას ამის უკან. ეს არის იდუმალი და აუხსნელი რამ, რომლის ჭვრეტის უნარიც ბევრს არ აქვს და ზოგიერთისათვის იმედგაცრუების ტოლფასიც შეიძლება აღმოჩნდეს. ხანდახან, თუმცა იშვიათად, ბერგმანისეული ბედისწერის წინათგრძნობა იჩენს თავს, როდესაც ფილმის გმირები საუბრობენ, მაგრამ ერთმანეთს კი არ უყურებენ, არამედ წვიმის წვეთებით დაბურული ფანჯრიდან იცქირებიან შორს; უმეტესად, ფილმის ამგვარი ეპიზოდები შედეგია მცდელობისა, მხატვრული საშუალებით იქნეს წარმოჩენილი ის, რისი სიტყვებით გამოთქმაც შეუძლებელია.  მომხიბვლელი ახალბედა რეჟისორის მეტყველი და გასაოცარი დებიუტი – “სხვისი სახლი” – ერთგვარი გამოწვევაა მსოფლიოსათვის, სადაც ომი მთავრდება, მაგრამ მას დასასრული არ აქვს და სადაც შესაძლებელია, ცხოვრობდე სახლში, რომელიც ჯერ კიდევ სხვისი სახლია და რომელიც ყოველთვის სხვის სახლად დარჩება.”
Jessica Kiang, 
VARIETY, JULY 5, 2016