საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება!
აგვისტო 27, 2020

30 აგვისტოს, 20:30 საათზე, Cavea Drive-in ლისზე გაიხსნება CinéDOC-Tbilisi საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის მერვე გამოშვება! კორონავირუსის პანდემიის გამო,ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

ჩვენ ვქმნით ემოციებს – წელს კინოფესტივალი ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება და მაყურებელს ყველაზე რეალური და დაუვიწყარი ემოციების სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს.

ფესტივალს გახსნის ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმი სახელწოდებით „გვირაბი“. ეს არის კინოფილმი გვირაბზე, რომელმაც ჩინეთიდან ევროპამდე გზა უნდა შეამციროს. საქართველოს ერთ-ერთ სოფელში შემოჭრილი გვირაბი კი ახალი გამოწვევების
მიზეზი ხდება. ამბოხს ჯერ ადამიანები იწყებენ შემდეგ კი ბუნება. „გვირაბის“ პრემიერა 2019 წელს ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე (IDFA) შედგა.

წელს ფესტივალი ინოვაციური ფორმატით იმართება. იგი რამდენიმე პლატფორმას მოიცავს და მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს მისთვის სასურველ გარემოში უახლესი შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები იხილოს. პანდემიასთან ბრძოლამ ფესტივალის ორგანიზატორებს ახალ რეალობასთან მორგებისკენ უბიძგა, რის შედეგადაც წლევანდელი ფესტივალის ჰიბრიდული ფორმატი დაიბადა.

CinéDOC-Tbilisi-ის გახსნას, 30 აგვისტოს, CaveaDrive-in ლისი უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმების ნახვა მაყურებელს სხვადსხვა პლატფორმებზე შეეძლება:

  • საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის ფარგლებში, 18-28 აგვისტოს, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 23:00 საათზე, პირველი არხის ეთერი Cinedoc-ის ტელედარბაზად გადაიქცევა;
  • ფიზიკურ ჩვენებებს უმასპინძლებს Cavea Drive-in Lisi, კავკასიური სახლის ეზო და სასტრუმრო „სტამბა“;
  • ონლაინპორტალზე – Cinedoctbilisi.com კი 23-30 სექტემბერს უფასო ონლაინჩვენებები მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალსა და Cinedoc-tbilisi-ს თანამშრომლობის
ფარგლებში, 4 საავტორო ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე ნაჩვენები იქნება CinéDOC Young-ის ფილმები One Caucasus 2020 ფარგლებში. პანდემიის მიუხედავად, მინიფესტივალები გაიმართება დუშეთში, გორში, საგარეჯოში, ჩხოროწყუსა და მარნეულში.

წლევანდელი პროგრამა 7 სექციას მოიცავს:
1. International Competition / საერთაშორისო საკონკურსო სექცია – მთავარი საკონკურსო
სექცია სადაც წელს თავს იყრის რვა საერთაშორისო ფილმი.
2. Focus Caucasus – წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და რეგიონული ფილმები
ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი.
3. Swiss DOX – შვეიცარული შემოქმედებითი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.
4. Guest Country – სექციაში, სტუმარი ქვეყანა წელს წარმოდგენილი იქნება ფინური
დოკუმენტური კინო.
5. CinéDOC Young – საბავშო სექცია, რომლის ფარგლებშიც იმართება ჩვენებები
ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
6. EroticDOX
7. Special Screenings – სპეციალური არასაკონკურსო ჩვენებები.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 2013 წლიდან ტარდება და მისი მიზანი კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. ჯამში ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ცხრა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი, რომელთა ჩვენებების შემდეგ გაიმართება შეხვედრადა და დისკუსია რეჟისორთან.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველო-შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, Doc Lounge შვედეთი, შვედეთის ინსტიტუტი (Swedish Institute – Creative Force Program), შვედეთის საელჩო თბილისში, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, კავკასიური სახლი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, TheFinnish Film Foundation, DaFilms, Current Time Tv,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ იხილეთ: https://cinedoc-tbilisi.com/ka