CinéDOC-Tbilisi-ს წლევანდელი გამოშვება 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით შეიქმნა განსხვავებული კონცეფცია – CinéDOC-Tbilisi-ს საუკეთესო ფილმები. კინოფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს როგორც განსაკუთრებულ კინოკოლექციას, ასევე უახლეს დოკუმენტურ ფილმებს Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციიდან. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად ფესტივალის პარტნიორია.
ფესტივალი გაიხსნება 15 აგვისტოს, 23:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ეთერში ქართველი კინორეჟისორის – ქეთი მაჭავარიანის ფილმით „მზიური“.
15 აგვისტოდან, ყოველ დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საზოგადოებრივი მაუწყებელი ფესტივალის ტელედარბაზში აჩვენებს CinéDOC-Tbilisi-ს 11 საუკეთესო ფილმს, შაბათ-კვირას კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ფესტივალის ვებგვერდზე (https://cinedoc-tbilisi.com/ka), ვირტუალურ კინოდარბაზებში იხილოს 10 უახლესი დოკუმენტური ფილმი Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციიდან. სექცია აერთიანებს ფილმებს კავკასიის რეგიონიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
პარალელურად გაიმართება სპეციალური ჩვენებები, მათ შორის CinéDOC-Young -ის სექციის ფილმებისა, რომლებიც შედარებით ახალგაზრდა, მოზარდ მაყურებელზეა გათვლილი.
ფესტივალის ვებგვერდზე ინტეგრირებული იქნება საერთაშორისო ონლაინდისტრიბუციის პლატფორმა DAFilms.com. ასევე, CinéDOC-Tbilisi-ს კინოკოლექცია ნაჩვენები იქნება აჭარის ტელევიზიის ეთერში.