ევროპის საბჭოს კინოფონდ “ევრიმაჟის” მორიგ, 156-ე სამუშაო სესიას სტრასბურგმა უმასპინძლა. ღონისძიება გამორჩეული იყო, რადგან წელს “ევრიმაჟი” დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგს ეწვიენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩები, კინოფონდების ხელმძღვანელები, “ევრიმაჟის” ბორდის წევრები, რეჟისორები და პროდიუსერები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე და საქართველოს წარმომადგენელი “ევრიმაჟში” – ნინო კირთაძე.
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის პროექტს სამუშაო სესიების მსვლელობისას ნინო კირთაძე იცავდა. საბოლოოდ პროექტმა საუკეთესო შეფასება (10-დან 10 ქულა) მიიღო და 50 000 ევროთი დაფინანსდა.
პროექტების განხილვის გარდა სამუშაო სესია ითვალისწინებდა დისკუსიებს და კენჭისყრას “ევრიმაჟის” წესდებისა და სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე.
საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე კინოფონდის მიერ მხარდაჭერილია 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ქართული პროექტების დასაფინანსებლად კი გაცემულია 3 092 322 ევრო.
2019 წლის ივლისიდან “ევრიმაჟში” საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე იკავებს.