სამუშაო შეხვედრა კინოფოტოფონო დოკუმენტების არქივის პროექტთან დაკავიშრებით
აპრილი 14, 2021

14 აპრილს ეროვნულ კინოცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც კინოცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ არქივთან ერთად განიხილეს კინოფოტოფონო დოკუმენტების არქივის პროექტი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება იუსტიციის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, კინოპოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა სურაძე, კინომემკვიდრეობის მენეჯერი ნენო ქავთარაძე, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე, საარქივო საქმის სპეციალისტი ნინო ძანძავა, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ილია ლომიძე.

შეხვედრის მსვლელობისას აღნიშნული ინსტიტუციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივის საპროექტო ტექნიკურ დავალებაზე, განიხილეს წინასაპროექტო ღონისძიებები, გეგმარებისას გასათვალისწინებელი პირობები, აღრიცხული მასალის (უმეტესწილად ფირების) სპეციფიკა და მათი საერთო რაოდენობა, ასევე, სხვადასხვა ტიპის ფირის (ნიტროფუძიანი, ტრეაცეტატი) განთავსების საკითხი. გამოითქვა მოსაზრება ტექნიკურ სამუშაოებში უცხოეული ექსპერტების და არქივების მსოფლიო ასოციაციის (FIAF) ჩართვის აუცილებლობაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ცალკეულ იურიდიულ და ტექნიკურ საკითხებზე და დასახეს საერთო სახელმწიფო ფირსაცავის დაარსების და კინოფირების მსოფლიო სტანდარტების მიხედვით მოვლა-შენახვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ერთობლივად შემუშავებული პროექტი უახლოეს ხანებში მთავრობას წარედგინება განსახილველად. აღსანიშნავია, რომ საცავის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია ავჭალის ტერიტორიაზე.