სამუშაო შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში
აპრილი 22, 2021

21 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივის პროექტთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, მედიის ბლოკის ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე, ფინანსური დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა სურაძე, კინომემკვიდრეობის მენეჯერი ნენო ქავთარაძე, ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე.

ტელევიზიის არქივის (ფირები, ვიდეო და აუდიო მასალა) შედარებით მცირე ნაწილის განთავსება იგეგმება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში, რომლის მშენებლობა დასრულდება 2 წელიწადში. საარქივო მასალების დიდი ნაწილის გადატანა კი მოხდება ახალ საერთო არქივში, რომლის შემადგენელი ნაწილები იქნება თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღჭურვილი საცავები, ლაბორატორიები, საპროექციო დარბაზი და საოფისე სივრცე. ახალ არქივში თავს მოიყრის ყველა არსებული კოლექცია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შექმნისა და განხორციელების პროცესში ჩართული იქნებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საჭირო კონსულტაციას გაუწევენ ქართველ კოლეგებს.