საქართველოს პრემიერ-მინისტრი კინოინდუსტრიის წახალისების ახალი კომპონენტის პრეზენტაციას გამართავს
იანვარი 26, 2016
     საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” კიდევ ერთი, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა. ახალ პროგრამას საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.
     ღონისძიება 26 იანვარს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში”  (სიონის ქ. #8) გაიმართება და მას ვიცე-პრემიერი, საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები დაესწრებიან.
     კინოინდუსტიის წახალისების კომპონენტის შექმნაზე ეროვნული კინოცენტრი წლების მანძილზე მუშაობდა. საბოლოოდ, პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის და მათი მხარდაჭერის შედეგად შეიქმნა.
     ახალი სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში ინერგება ე.წ cash rebate მექანიზმი, რომელიც  კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას მისცემს გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ.პროგრამის  „გადაიღე საქართველოში” მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. შესაბამისად, ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით. 
     ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამაში ჩასართავად საჭირო აპლიკაციის ფორმის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: http://filmingeorgia.ge/