ეროვნული კინოცენტრის მოწვევით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით კარლოვი ვარის
კინოფესტივალის დირექტორი – კარელ ოხი ჩამოდის. ვიზიტის მთავარი მიზანი ფესტივალისთვის
ქართული ფილმების შერჩევაა, შესაბამისად რამდენიმე დღის მანძილზე კარელ ოხი არაერთ ახალ სრულმეტრაჟიან ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმს ნახავს.
კარელ ოხი კარლოვი ვარის კინოფესტივალის დირექტორის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს,
მანამდე იგი ფესტივალის პროგრამერი და სელექციის კომიტეტის წევრი იყო.
კარლოვი ვარის კინოფესტივალი ფესტივალების A-კლასის, უმაღლეს კატეგორიას მიეკუთვნება. იგი
ჩეხეთში 1946 წლიდან იმართება, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოღონისძიებად
ითვლება და ყოველწლიურად უამრავ ცნობილ და წარმატებულ კინემატოგრაფისტს მასპინძლობს.
საქართველო კარლოვი ვარის კინოფესტივალზე არაერთხელ ღირსეულად ყოფილა წარმოდგენილი.
ბოლო წლების განმავლობაში ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 3 ჯერ აიღეს ფესტივალის
ჯილდო – Crystal Globe.
ეს კარელ ოხის უკვე მეორე სამუშაო ვიზიტია საქართველოში. იგი თბილისში 17 აპრილს ჩამოვა.