
საქართველო ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე
ივნისი 16, 2018
11-16 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ანსიში ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო მამუკა ტყეშელაშვილის თოჯინური ანიმაციური ფილმი “მეთევზე და გოგონა”. ანსიში შედგა კიდევ ერთი ქართული ანიმაციის – პეტრე თომაძის “ჩაის” პრემიერა. ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ანიმაციური ფილმის – ანა ჩუბინიძის “ჯიბის კაცის” ესკიზების გამოფენა კი კინოთეატრში Cinema Les Nemours მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ წელს ანსიში, ფესტივალის მარკეტზე პროგრამას Film In Georgia საკუთარი სტენდი ჰქონდა წარმოდგენილი, სადაც ქართველი ანიმატორები და პროდიუსერები უცხოელ კოლეგებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდნენ. ფესტივალზე საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კომპანიები:
- “კვალი XXI”
- 20 Steps Production
- “ჯიბის სტუდია”
- Lira Production
- Mifasi Films
- Qubitz Studio
- Post Red Audio
ანსის კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ანიმაციური კინოფესტივალები – “ნიქოზი” და “თოფუზი”. “ნიქოზის” კინოფესტივალის წარმომადგენელი მარიამ კანდელაკი კი წელს უკვე მეოთხედ იყო მიწვეული ფესტივალზე მსოფლიო პროგრამების შეხვედრაზე.