საქართველო ბერლინის 66-ე კინოფესტივალზე
თებერვალი 8, 2016
ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალთან 11 წელია თანამშრომლობს. 
Cash Rebate
სამთავრობო პროგრამის ახალი კომპონენტი “გადაიღე საქართველოში” და ქვეყანაში ახალი საშეღავათო სისტემის Cash Rebate დანერგვა, ქართული კინოსექტორისთვის ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი სიახლეა.
პროგრამა ხელს შეუწყობს ეროვნული ფილმწარმოების განვითარებას, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციად აქცევს.
ამიტომ, წელს ქართულ სტენდზე აქცენტი სწორედ ამ თემებზე გაკეთდება.
ასევე, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ფილმების კატალოგი, წარმოების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი პროექტების კატალოგი (project book), ქართული ფილმების თრეილერებისა და მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების დისკები, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები.
ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობა
ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობა 14-16 თებერვალს მსოფლიოს 29 ქვეყნიდან 36 ახალ კინოპროექტს უმასპინძლებს. მათ შორის არის რეზო გიგინეიშვილის კინოპროექტი “მძევლები”, რომელიც საქართველო-რუსეთის კოპროდუქცია და ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
კოპროდუქციის მარკეტზე კიდევ ერთი ქართველი, ნინო ხარატიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ნინო კინოპროდიუსერებს თავის წიგნს “მერვე სიცოცხლე” (“Das achte Leben (Für Brilka)” წარუდგენს.
ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე პროდიუსერებს ეძლევათ შესაძლებლობა დააინტერესონ მსოფლიო კინოინდუსტრიის გავლენიანი წამომადგენლები და მათ თავიანთი პროექტები წარუდგინონ.
ბერლინალე და საქართველო
2013 წელს, პირველად დიდი პაუზის შემდეგ, ბერლინზე მოხვდა 2 ქართული ფილმი: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები” და ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი”.
ქართულ ფილმებს ბერლინში დიდი წარმატება ხვდა წილად. 
2014 წელს სხვადასხვა სექციებში მოხვდა „შემთხვევითი პაემნები” (ლევან კოღუაშვილი) და „პატარძლები” (თინათინ ყაჯრიშვილი).
ბერლინალეს ისტორიის მანძილზე, ფესტივალზე სულ 15-მდე ქართულ ფილმს მიუღია მონაწილეობა. 
პირველად, 1986 წელს გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” იყო მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე და ვერცხლის დათვიც მოიპოვა. 
შემდეგ, 1992 წელს მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული”, 1993 წელს კი თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე”, რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთების” პირველი საერთაშორისო ჩვენება 1986 წელს სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა “პანორამაში” შედგა.
რამდენიმე თვის წინ საქართველოში ბერლინალეს დირექტორი დიტერ კოსლიკიც იმყოფებოდა საქართველოში კავკასიის რეგიონის სელექტორთან – ნიკოლაი ნიკიტინთან ერთად.
დიტერ კოსლიკმა თავად გამოთქვა სურვილი ენახა საქართველო, გაცნობოდა ადგილობრივ კულტურას, გასაუბრებოდა სახელმწიფო პირებსა და კინოსექტორის წარმომადგენლებს.
ბერლინალეს კინოფესტივალი 11-21 თებერვალს ბერლინში გაიმართება.