საქართველო ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
თებერვალი 23, 2016
ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს ბაზრობაზე – Eeuropean Film Market
ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) 2016 წელს მეთერთმეტედ წარდგა.
საქართველოს სტენდზე მუშაობდნენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე, მისი მოადგილე – მაია ჭილაშვილი, დისტრიბუციის და ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – დავით ვაშაძე და პროექტების მენეჯერი – ნინო შერვაშიძე.
კინოცენტრის გუნდმა გამართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ისეთი ფესტივალების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა:
მხატვრული ფილმების ფესტივალები
- კანი
- ვენეცია
- ტორონტო
- კარლოვი ვარი
- სან-სებასტიანი
ასევე ახალი ქართული ფილმებით დაინტერესებულია სოფიას და კოტბუსის ფესტივალები. ანსის ანიმაციური ფილმების ფესტივალი კი ელოდება ახალ ანიმაციურ ფილმებს საქართველოდან.
დოკუმენტური ფილმების ფესტივალები
- იდფა
- ჰოთ-დოკ
- იჰლავა
- ნიონი
- დოკ-ლაიფციგ
ინდუსტრიული სექციების მიმართულებით დაინტერესებულია შემდეგი კინოფესტივალები:
- სოფიას კინოფესტივალი – Sofia Meetings, სადაც წელს დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი “დაისი” მიიღებს მონაწილეობას
- კარლოვი ვარის ინდუსტრიული სექციები
- ნიონის დოკუმენტური ფილმების ინდუსტრიული პლატფორმა, სადაც წელს ქართული პროექტია შერჩეული
- სტამბულის კინოფესტივალის ფარგლებში გამართული ინდუსტრიული სექცია Meeting on The Bridge
ბასკეთის აუდიოვიზუალურ ცენტრთან ერთად დაიგეგმა ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის სან-სებასტიანის კინოფესტივალის ფარგლებში სპეციალური ინდუსტრიული პლატფორმის მოწყობა.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ესპანელ პროდიუსერებთან.
Cash Rebate
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნაღდი ფულის უკან დაბრუნების ანუ Cash Rebate-ის სისტემის ამოქმედებამ საქართველოში. დაინტერესებულთა შორის იყვნენ: ამერიკელი, ბრიტანელი და რუსი პროდუსერები.
ამ თემას გავლენიანმა გამოცემამ Hollywood Reporter მიუძღვნა სტატია, რომელშიც საქართველო შვეიცარიასთან, უკრაინასთან და პორტუგალიასთან ერთად არის მოხსენიებული,როგორც გადასაღებად მიმზიდველი და ხელსაყრელი ახალი ლოკაცია.
Creative Europe
ბერლინში ევროპული კინოს ბაზრობის ფარგლებში Creative Europe-ის ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა ინდუსტრიული ღონისძიება.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა ეროვნული კინოცენტრის დირექტორთან ნანა ჯანელიძესთან შეხვედრისას განიხილეს, თუ რა გზით უნდა გახდეს საქართველო ევროკომისიის მხარდაჭერით Creative Europe MEDIA ქვე-პროგრამის სრული წევრი.
ამჟამად ქართული აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლები სარგებლობენ MEDIA ქვეპროგრამის დაფინანსების მხოლოდ 4 სქემით (ფესტივალები, ტრენინგები, წვდომა ბაზრებზე და აუდიტორიის განვითარება).
სრული წევრობის შემთხვევაში კი შესაძლებელი იქნება დამატებით დაფინანსების 10 სქემაზე წვდომის მოპოვება. მათ შორისაა მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების განვითარება, ფილმების დისტრიბუცია, ტელეპროგრამების შექმნა და კოპროდუქციის ფონდების მხარდაჭერა.
არსენალი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მთავარი სტუმარი ქვეყანა საქართველოა. ამასთან დაკავშირებით 2017 წელი გერმანიამ ქართულ კულტურის წლად აღიარა.
ბერლინის კინოფესტივალის ფარგლებში შედგა შეხვედრა ცნობილი კინოთეატრის და ფონდსაცავის – არსენალის წარმომადგენელთან – გეზა კნოდელთან.
არსენალი 2017 წელს გეგმავს მისივე კინოთეკაში დაცული ქართული ფილმების რეტროსპექტივას – ნაჩვენები იქნება 60 ქართული კინონამუშევარი. დაიგეგმა ასევე არსენალის ფონდში დაცული ქართული ფილმების პოზიტივებიდან 3 ფილმის აღდგენა. თანხა ამ ფილმების რესტავრაციისთვის გერმანიის მთავრობამ გამოყო.
მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს საელჩო გერმანიაში და ეროვნული კინოცენტრი.