საქართველო ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
მარტი 7, 2020

ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იყო წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის ხელმძღვნელობით კინოცენტრის გუნდმა გამართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, შედგა მოლაპარაკებები ქართული ფილმების ყიდვით დაინტერესებულ დისტრიბუტორებთან, გაყიდვების აგენტებთან, კინოთეატრებისა და ტელევიზიების წარმომადგენლებთან. ასევე, უცხოელი კინომწარმოებლებისთვის აქტიურად ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება პროგრამის შესახებ „გადაიღე საქართველოში“.

ლევან გელბახიანი – ევროპის ამომავალი კინოვარსკვლავი
ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესრულებული მთავარი როლისთვის იმ ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობების ათეულში მოხვდა, რომლებიც ბერლინის 70-ე კინოფესტვალზე ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით წარსდგნენ. რამდენიმე დღის მანძილზე მას შესაძლებლობა ჰქონდა ბერლინში შეხვედროდა კასტინგის მენეჯერებს, რეჟისორებსა და მსახიობებს. 24 თებერვალს კი, „ბერლინალე პალასტში“ ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს, მათ შორის ლევან გელბახიანს, „ამომავალი ევროპელი კინოვარსკვლავის ჯილდო“ გადასცეს.

2 ქართული ფილმი „ბერლინალეს“ ბაზრობაზე
„ბერლინალეს“ ბაზრობაზე (EFM) წელს აჩვენეს 2 ქართული ფილმი. ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ახალ ნამუშევარი „ოქროს ძაფი“ და უტა ბერიას სადებიუტო ფილმი „უარყოფითი რიცხვები“. ფილმების ჩვენებებს ესწრებოდნენ დისტრიბუტორები, კინოფესტივალების, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საერთაშორისო კინოფესტივალები და კინობაზრობები
ეროვნული კინოცენტრის გუნდმა გამართა შეხვედრები საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. დაიგეგმა ქართული ფოკუსი ლისაბონის დოკუმენტური ფილმების (Doclisboa) და მონპელიეს (Cinémed) საერთაშორისო კინოფესტივალებზე. საქართველოს სტენდის განთავსებასთან დაკავშირებით შედგა მოლაპარაკებები კანისა და ანსის საერთაშორისო კინოფესტივალებთან. ქართულ პავილიონს ესტუმრნენ სან სებასტიანის, სარაევოს და ვარშავის კინოფესტივალების პროგრამული დირექტორები, რათა განეხილათ ქართული ფილმების სელექციის საკითხები. პულასა და ტრიესტის კინოფესტივალებთან ერთად დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება ინდუსტიული მიმართულებით. ქართულმა დელეგაციამ ასევე უმასპინძლა ვენეციის, ზაგრების, სიეტლისა და შეფილდის კინოფესტივალების წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ პატრიცია მანჩინისთან მოლაპარაკებისას დაიგეგმა ქართული პროექტების წარდგენა დოკუმენტური ფილმების ბაზრობაზე Sunny Side of the Doc.

ქართული ფილმების პროექტების წარდგენა ევროპული კინოს ბაზრობაზე
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროდიუსერების რანგში გაემგზავრნენ ნანა ჯანელიძე, გიორგი ოვაშვილი, კახა მაჭარაშვილი და ხათუნა ხუნდაძე. მათ უკვე მოპოვებული აქვთ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება, ბერლინში კი ფილმების პროექტები უცხოელ კოლეგებს წარუდგინეს. შედგა სამუშაო შეხვედრა ქართული პროექტის „ვენეციის“ უცხოელ კოპროდიუსერებთან.
ინდუსტრიულ შეხვედრებში მონაწილეობდა 2 ქართველი პროდიუსერი – თეკლა მაჭავარიანი (Emerging Producers) და მაკა გოგალაძე (Berlinale Talents). ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით „ბერლინალეს“ დაესწრო კინომცოდნე გიორგი ჯავახიშვილი. იგი გამარჯვებულია ეროვნული კინოცენტრის კონკურსისა „წერე ქართულ კინოზე“.

ტრენინგ-პროგრამები
ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ქართული პროექტების მხარდაჭერის მიზნით გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ტრენინგ პროგრამების წარმომადგენლებთან, მათ შორის იყო Torino Film Lab, Midpoint, IDFA Academy, Screen Leaders, A Post Lab და EAVE. ტრენინგ პროგრამა EsoDoc-ის დირექტორ ჰეიდი გრონოერთან თანამშრომლობით კი დაიგეგმა 2020 წელს პროგრამის საქართველოში ჩამოტანა. EsoDoc დოკუმენტური ფილმების პროექტების განვითარებაზეა ფოკუსირებული.
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაცია შეხვდა ცნობილ გერმანელ კინოადვოკატ შტეფან რულს. იგი წლებია მსოფლიოს მასშტაბით ატარებს ტრენინგებს კინოწარმოების საკითხებთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს შტეფან რულის საქართველოში საქმიანის ვიზიტით ჩამოსვლის შესაძლებლობა.

კინოინსტიტუტები
ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე მონაწილეობდა ეროვნული კინოფონდების ხელმძღვანელების ერთდღიან ფორუმში (Best Practice Exchange), რომელშიც 50-მდე ფონდის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ფორუმს ხელმძღვანელობდა ცნობილი პროდიუსერი საიმონ პერი. ფორუმზე განხილული იყო კინოდისტრიბუციისა და კოპროდუქციის საკითხები. დანიის კინოინსტიტუტის წარმომადგენელთან ერთად დაიგეგმა თანამშრომლობა დანიაში ქართული კინომემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით. დანიის კინოინსტიტუტის დირექტორმა, კლაუს ლადეგარდმა გამოთქვა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე დანიური ფოკუსის ჩატარების სურვილი. შედგა შეხვედრა სლოვაკეთის კინოცენტრის წარმომადგენელთან სლოვაკეთში ქართული კინოს დღეების მოწყობასთან დაკავშირებით. ეროვნული კინოცენტრის გუნდმა ევროპის კინოაკადემიის წარმომადგენელ იურგენ ბიზინგერთან განიხილა ევროპული კინოდაჯილდოვების ცერემონიის ჩატარების პერსპექტივები საქართველოში. ასევე, გაიმართა შეხვედრა ლიეტუვის კულტურის მინისტრთან. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსა და ლიეტუვის კინოცენტრების მჭიდრო და წარმატებულ თანამშრომლობაზე. ეროვნული კინოცენტრის დირექტორს სამუშაო შხვედრა ჰქონდა ებრაელ პროდიუსერ კატრიელ შორისთან, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ისრაელის კინოფონდს. ასევე შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ყაზახეთის ახლადჩამოყალიბებულ კინოცენტრთან და მის ხელმძღვანელებთან, ანა კაჩკოსა და რეგინა ტოდერენჩუკთან.
ეროვნული კინოცენტრის დირექტორი უნგრეთის ეროვნული კინოინსტიტუტის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ ვახშამს, სადაც ის არაფორმალურ ვითარებაში ესაუბრა ჰაიფას, ანტალიის, პუსანისა და ერევნის კინოფესტივალების წარმომადგენლებს.

რეტროსპექტივები
ქართულ პავილიონს სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ესტუმრა ბრიუსელის ფესტივალ Bridges: East of the west film days-ის ხელმძღვანელი ჟულიეტ დიურე. უკვე არაერთი წელია კინოცენტრი ფესტივალთან წარმატებით თანამშრომლობს. ასევე, შედგა შეხვედრა კინოთეატრ „არსენალის“ წარმომადგენელთან ანეტ ლინგთან, რომელიც 2020 წელს „არსენალში“ ქართული ფილმების რეტროსპექტივის მოწყობას ეხებოდა.

გადაიღე საქართველოში
23 თებერვალს კინოკომისიების საერთაშორისო ასოციაციის (AFCI) და კვლევითი ორგანიზაცია OLSBERG SPI-ის ორგანიზებით გაიმართა კონფერეცია თემაზე “გლობალური კინოინდუსტრის ზრდა და მოლოდინები”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კინოკომისიონერმა დავით ვაშაძემ.

დისტრიბუცია
ეროვნული კინოცენტრის გუნდი აქტიურად მუშაობდა ქართული ფილმების ყიდვით დაინტერესებულ დისტრიბუტორებთან. შედგა მოლაპარაკებები კინოგაყიდვების ბერძნულ (Heretic Outreach) და პოლონურ (Media Moves) კომპანიებთან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი Cineuropa-სთან
ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ და საინფორმაციო პლატფორმა Cineuropa-ს დირექტორმა ვალერიო კარუზომ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას.
ასევე, გაიმართა შეხვედრა ონლაინ პლატფორმა Film New Europe-ს ბორდის წევრებთან. შეხვედრაზე განხილული იყო პლატფორმის სამომავლო გეგმები და სამოქმედო სტრატეგია.

ქართული წვეულება
25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრებისთვის სასტუმრო „მარიოტში“ ტრადიციულად გაიმართა ქართული წვეულება.