4 აგვისტოს შვეიცარიაში საზეიმოდ გაიხსნება ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი. იგი ერთ-ერთი გამორჩეული, ა-კლასის კინოფესტივალია, რომელიც წლიდან წლამდე საავტორო კინოს ათეულობით ნამუშევარს სთავაზობს აუდიტორიას.
კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente წარმოდგენილი იქნება ელენე ნავერიანის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “სველი ქვიშა”. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება 11 აგვისტოს, 11:30 საათზე კინოდარბაზში Pala Cinema 1 . “სველი ქვიშა” საქართველო-შვეიცარიის კოპროდუქციაა.
ლოკარნოში ასევე ნახავენ სალომე ჯაშის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს “მოთვინიერება”. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. იგი შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ლოკარნოში ფილმის ჩვენება შედგება 8 აგვისტოს სექციაში Panorama Suisse.
ფილმები “სველი ქვიშა” და “მოთვინიერება” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. ქართული ფილმები არაერთხელ წარმატებით უჩვენებიათ ლოკარნოში. ბოლო წლებში კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ლეოპარდი” ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა – ანა ურუშაძემ საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმი “საშიში დედა”) და დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “მამა”.