საქართველო AFCI Locations Show-ზეა წარმოდგენილი
აპრილი 7, 2017
6-9 აპრილს ლოს ანჯელესში AFCI Locations Show იმართება, სადაც საქართველოს სტენდი უკვე მეორედ არის წარმოდგენილი.
ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად მართავენ შეხვედრებს ამერიკული კინოინდუსტრიის წამომადგენლებთან, აცნობენ პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დეტალებს და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-ევროპის მიმზიდველ გადასაღებ ქვეყანას.
აღსანიშნავია, რომ წელს ღონისძიებაში ორი ქართული საპროდიუსერო კომპანია – „Betterfly” და ,,POLare FILM” იღებს მონაწილეობას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” კიდევ ერთი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა. პროგრამა „გადაიღე საქართველოში” საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 26 იანვარს წარუდგინა.
ახალი სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა ე.წ ქეშ რიბეითის მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის წარმოების ხარჯებიდან გამოიყოს კვალიფიციური ხარჯი. ამ ხარჯის 20-25% კი ფილმის მწარმოებელ კომპანიას უკან დაუბრუნდება. 
2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით პროგრამის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა 5 საერთაშორისო პროექტი, ჯამში საქართველოში დაიხარჯა 
7 305 065  მილიონი ლარი და ადგილობრივად დასაქმდა 650 ადამიანი. 
პროგრამას “გადაიღე საქართველოში” მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.