სახელმწიფო უწყებები ქართული კინოს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
სექტემბერი 12, 2016
9 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო სტრუქტურები ქართული კინოს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქართულ კინოს წარმოების პროცესში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა.
სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა კინომწარმოებლებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით გამარტივებული წესით სარგებლობის საშუალებას მისცემს. მემორანდუმის შედეგად, მხარდაჭერით ისარგებლებენ, როგორც სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული პროექტები, ასევე დამოუკიდებელი კინომწარმოებლები. მემორანდუმი ხელს შეუწყობს უცხოელი კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს უცხოელი კინომწარმოებლებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
მემორანდუმის ფარგლებში ფილმწარმოების ხელშეწყობის პროცესში მონაწილეობენ შემდეგი სახელმწიფო ორგანიზაციები:
1. ქ. თბილისი მერიის სამსახურები:
ა) ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამსახური, თბილისის სასწრაფო დახმარება
ბ) ტრანსპორტის სამსახური
გ) კეთილმოწყობის სამსახური
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
3. შინაგან საქმეთა სამინისტრო
ა) საგზაო სიტუაციების მართვის სააგენტო
ბ) საპატრულო პოლიცია
4. საქართველოს რკინიგზა
5. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
6. სასწრაფო დახმარების ცენტრი
7. დაცული ტერიტორიების სააგენტო
8. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
9.რეგიონებთან ურთიერობის დეპარტამენტი (რეგიონებში გადაღებების კურირება და რეგიონის თვითმართველობის მხარდაჭერა)
10. საგანგებო სიტუაციების სააგენტო
11. საავტომობილო გზების დეპარტამენტი
12. უსაფრთხოების დეპარტამენტი
საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უწყებაში ყავს საკონტაქტო პირი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საკითხის სწრაფად მოგვარებას.
ეროვნული კინოცენტრი განაგრძობს მოლაპარაკებას სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან.
პროექტის პროდუსერი, რომელიც დაინტერესებულია სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურების მომსახურებით, წერილობით მომართავს ეროვნულ კინოცენტრის საკონტაქტო პირს.
პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს ფილმწარმოების პროცესის ხელშეწყობისთვის საჭირო ორგანიზაციების ნუსხა, ასევე მათგან მოთხოვნილი მომსახურებების ჩამონათვალი და მიუთითოს სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადები.
კინოცენტრის თანამშრომელი უზრუნველყოფს პროდიუსერის მოთხოვნილი ორგანიზაციების საკონტაქტო პირებთან დაკავშირებას და მათი ურთიერთობის კოორდინირებას.
ასევე, ფილმის მოსამზადებელ და გადაღების პროცესში გაუწევს მონიტორინგს კინოპროექტისა და ორგანიზაციების თანამშრომლობის ეფექტიანობას.
კონსულტაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ საქართველოს
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ოფისში (ზ. გამსახურდიას სანაპირო 4, IV სართული) ყოველ სამუშაო დღეს 10.00-18.00 საათამდე
საკონტაქტო პირი;
პროექტების დაფინანსების მენეჯერი მანანა სურაძე
ელ-ფოსტა: m.suradze@gnfc.ge
ტელ: +932 2999200 (113)
მობ; +995577 553702
+995599 553702