სტრასბურგი ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს
მარტი 4, 2020

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგი არაერთ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის ქართული ფილმების რეტროსპექტივას.

ინიციატივა სტრასბურგის კინოთეატრ „ოდისეს“ (L’Odyssée) დირექტორს – ფარუკ გუნალთაის ეკუთვნის. ქართული ფილმების ჩვენებები სწორედ კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართება.

4 მარტს ქართული ფილმების პროგრამას გახსნის ოთარ იოსელიანის ფილმი – „იყო შაშვი მგალობელი“. ფილმს აუდიტორიას თავად ოთარ იოსელიანი წარუდგენს, რომელიც სტრასბურგში სპეციალურად ამ ღონისძებისთვის ჩავიდა.

სტრასბურგში ასევე აჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:

  • 7 მარტი – მიხეილ კობახიძის „ქოლგა“, „ქორწილი“, „მუსიკოსები“;
  • 8 მარტი – ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვე“;
  • 10 მარტი – ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას „თეთრი ქარავანი“;
  • 14 მარტი – ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“;
  • 15 მარტი – ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“;

ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ღონისძიების პარტნიორია სტრასბურგის მერია და საქართველოს კინოაკადემია.