ტალინის ბნელი ღამეების 24-ე კინოფესტივალი გაიხსნა! ფესტივალის წლევანდელი გამოშვება მაყურებელს წარუდგენს 4 სრულმეტრაჟიან ქართულ მხატვრულ ფილმს.
ზაზა ურუშაძის პატივსაცემად, ტალინში აჩვენებენ რეჟისორის 3 ფილმს: “მანდარინები”, “სამი სახლი” და “ანტონი”.
“ანტონი” ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევარია. იგი 2 ბიჭის მეგობრობის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მათ გარშემო განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე ძლიერია. ფილმი უკრაინის, საქართველოს, ლიეტუვის, შეერთებული შტატებისა და კანადის კოპროდუქციაა.
სექციაში CURRENT WAVES აჩვენებენ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს “დასაწყისი”. CURRENT WAVES აერთიანებს იმ ფილმებს, რომელთა მსოფლიო პრემიერაც უკვე წარმატებით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე და რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ საერთაშორისო ჯილდოები.
“დასაწყისი” საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. იგი საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქციაა.
ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალი 1997 წელს დაარსდა. დღეს იგი ფესტივალების ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება და ჩრდილოეთ ევროპაში უდიდეს კინომოვლენად მიიჩნევა. კინოფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს 1000 კინემატოგრაფისტს და 160 ჟურნალისტს, მისი აუდიტორია კი 80 000 სტუმარისგან შედგება. ფესტივალის ყოველი გამოშვება მაყურებელს სთავაზობს 250 სრულმეტრაჟიან და 300 მოკლემეტრაჟიან ფილმს (მათ შორის ანიმაციას).
საქართველო არაერთხელ ღირსეულად იყო წარმოდგენილი ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მათ შორის 2015 წელს იგი ფესტივალის ფოკუს ქვეყანა გახლდათ.