უკრაინული კინოს დღეები თბილისში პოლიტპატიმარი რეჟისორის – ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად
იანვარი 28, 2015

 29 იანვარს, 12 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თბილისში უკრაინული კინოს დღეებთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას უკრაინელი რეჟისორი ოლეს სანინი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა პალენჩუკი დაესწრებიან.

29 იანვარს, 19 საათზე, თბილისში, კინოთეატრ რუსთაველში (მე-2 დარბაზი) უკრაინული კინოს დღეები ოლეს სანინის „მეგზურით” გაიხსნება. დღეები უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ფეესბეს მიერ დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის – ოლეგ სენცოვის მხარდასაჭერად იმართება.

უკრაინული კინოს დღეები საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით თბილისში პირველად ჩატარდება. სოლიდარობასთან ერთად, ამ დღეების მიზანია, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს თანამედროვე უკრაინული კინემატოგრაფი.

ოლეგ სენცოვი – უკრაინელი რეჟისორი მეიდნის აქციების აქტივისტი იყო და უკრაინის ერთიანობისთვის იღწვოდა, ეხმარებოდა უკრაინელ მეომრებს ყირიმის ანექსიის დროს. ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 2014 წლის მაისში დააკავა და დღეს მოსკოვში ლეფორტოვოს ციხის პატიმარია. სენცოვს 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სენცოვის გასათავისუფლებლად იბრძვის არა მხოლოდ უკრაინული კინოსექტორი, არამედ მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტები. შეიქმნა არაერთი პეტიცია რეჟისორის გათავისუფლების მოთხოვნით, მათ შორის საქართველოშიც.

სენცოვის მხარდასაჭერი, უკრაინული კინოს დღეები უკრაინის 10 ქალაქში უკვე ჩატარდა. ახლა უკვე ქართველ მაყურებელს ექნება საშუალება მხარდაჭერა გამოუცხადოს პოლიტპატიმარ რეჟისორს და გაეცნოს თანამედროვე უკრაინულ ფილმებს.

მათ შორის: ოლეგ სენცოვის დებიუტს „მოთამაშე”, უკრაინიდან ოსკარზე წარდგენილ ოლეს სანინის ფილმს „მეგზური”, ელენა ფეტისოვას და სერჟ ავედიკიანის ქართულ-უკრაინულ კოპროდუქციას „ფარაჯანოვი”, ასევე დოკუმენტური ფილმების კრებულს „ბაბილონი #13″ – „იარაღზე ძლიერი”, რომელიც მეიდნის მოვლენებს და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებს ასახავს.

ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოსახლში „ქოლგა”.
(29 იანვარი -1 თებერვალი, 2015)