ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე
სექტემბერი 19, 2016
ნინო ბასილიას ფილმი “ანას ცხოვრება” სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Край света” 2 პრიზის მფლობელი გახდა.
ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, ეკა დემეტრაძე კი რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
მოპოვებული ჯილდოები მსახიობ ლაშა მურჯიკნელს გადაეცა, რომელიც ფილმში “ანას ცხოვრება” ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ქმნის.
“ანას ცხოვრება” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.
ფილმს უკვე აქვს 2 საერთაშორისო ჯილდო. კინოფესტივალის CINEMA JOVE გრან პრი და კინოფესტივალზე Construir Cine მოპოვებული მთავარი პრიზი Merit Award.
სახალინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”.
“სხვისი სახლი” კარლოვი ვარის კინოფესტივალის პრიზიორი და საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე.
იგი სახალინის კინოფესტივალზე “რუსული გაზეთის” სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალი რუსეთში 9-17 სექტემბერს ჩატარდა.