“ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერე” – სპეციალური პროგრამა სამხრეთ კორეაში ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე
ოქტომბერი 3, 2014
ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პროგრამა „ფოკუსში” 2–11 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება „ ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერე“. სექციაში მონაწილეობს ქალი კინორეჟისორების 12 განსხვავებული ფილმი, საქართველოს პირველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის, ნამუშევრიდან „ ახალი ქართული ტალღის” თაობის წარმომადგენლებამდე.
ბუსანის ფესტივალს დაესწრებიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე, ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, თინა გურჩიანი, ნანა ექვთიმიშვილი.
სპეციალური პროგრამა ეძღვნება საქართველოს და ქართველ ქალ რეჟისორებს.
ქართული ფილმები ყურადღებას იქცევს მათი თანამედროვე, რუსული და ევროპული ფილმებისგან განსხვავებული, უნიკალური მიღწევებით. „ქართული ახალი ტალღის” მრავალი წარმატებული ფილმი ახალი თაობის ქალი რეჟისორების მიერაა გადაღებული.
ამ წლის სპეციალური პროგრამა მოიცავს 12 ფილმს, მათ შორის პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის მიერ 1930 წელს გადაღებულ ფილმს „მაღალმთიანი რაჭის ისტორია”. გარდა იმისა, რომ ნუცა ღოღობერიძე პირველი ქართველი ქალი რეჟისორია, ის ქალი რეჟისორების სამი თაობის სათავეში დგას. მისი ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის მიერ გადაღებული ფილმი „დღეს ღამე უთენებია” წარმოდგენილი იყო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე; მისი შვილიშვილი სალომე ალექსიმესხიშვილი პროდიუსერი და რეჟისორია. ბუსანის წლევანდელი კინოფესტივალის მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ერთი ქართული ოჯახის სამი წარმომადგენლისა და სხვა ქალი რეჟისორების ფილმების ნახოს. „ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერე” არა მხოლოდ ქალების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენებითაა ღირსშესანიშნავი, ესაა ასევე შესაძლებლობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ 12 ფილმში დავინახოთ საქართველოს სოციალური პრობლემები, წინააღმდეგობა, დისკრიმინაცია და კონფლიქტი. მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ახალი კინემატოგრაფიული ესთეტიკა, გენდერის მიუხედავად.
პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ფილმები:
- „მაღალმთიანი რაჭის ისტორია” (ნუცა ღოღობერიძე)
- „ბახმარო” (სალომე ჯაში)
- „პატარძლები” (თინათინ კაჯრიშვილი)
- „ძმა” (თეონა გრენადე-მღვდელაძე, ტიერი გრენადე)
- „დღეს ღამე უთენებია” (ლანა ღოღობერიძე)
- „ფელიჩიტა” (სალომე ალექსიმესხიშვილი)
- „გრძელი ნათელი დღეები” (ნანა ექვთიმიშვილი, საიმონ გროსი)
- „გაიღიმეთ!” (რუსუდან ჭყონია)
- „მარილივით თეთრი” (ქეთი მაჭავარიანი)
- „სუსა” (რუსუდან პირველი)
- „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” (თინათინ გურჩიანი)
- „იავნანა” (ნანა ჯანელიძე)
ინდუსტრიული კუთხით ნანა ექვთიმიშვილი პროქტი „ჩემი ბედნიერი ოჯახი” მონაწილეობას იღებს აზიის პროექტების ბაზარზე – Asia Project Market.
სექციაში World Cinema ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული”.
გალა პრემიერაზე ნაჩვენები იქნება, მოჰსენ მახმალბაფის ფილმი „პრეზიდენტი”, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ-გერმანულ-ბრიტანულ კოპროდუქციას. ფილის აზიურ პრემიერას დაესწრება მთავარი როლის შემსრულებელი მიშა გომიაშვილი.