ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია
დეკემბერი 18, 2017
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში” დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი დაბრუნდა.
ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, 18 დეკემბერს გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. საზეიმო ღონისძიებას კინოს სფეროს, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართულ მხარეს 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული თერთმეტი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:
- „ქორწილი” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
- „ქოლგა” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
- „მუსიკოსები” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
- „ფეოლა”- რეჟისორი ბაადურ წულაძე;
- „შერეკილები”- რეჟისორი ელდარ შენგელაია;
- „ფრთოსანი მღებავი”- რეჟისორი ლეო ესაკია;
- „ქაჯეთი”- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
- „ვინ არის დამნაშავე?” – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
- „ამოკი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
- “სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
- “ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.