ქართული კინო: ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ახლა კინემატოგრაფის ცხელი წერტილია (ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Independent ქართული კინოს შესახებ)
ოქტომბერი 8, 2015
ქართული ფილმების სანახავად უკეთეს დროს ვერ შეარჩევდით.
ბოლო ორი წელია ქართული ფილმები ჯილდოვდებიან სხვადასხვა ფესტივალზე. ქართული კინოს წარმატებას თუ გადავხედავთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს შორის საქართველომ რუმინეთი ჩაანაცვლა და იქცა ქვეყანად, სადაც მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ფილმები იქმნება.
ლონდონში გამართულ ქართული ფილმების ფესტივალზე წარმოდგენილია საუკეთესო ნამუშევრები. ორწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ახალი ენერგიით ახალ ადგილას ტარდება, კერძოდ Regent Street Cinema-ში. ფესტივალის გახსნაზე გამოითქვა იმედი, რომ ამჯერად ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება. არ ვიცი შეძლებს თუ არა ქართული კინოწარმოება შემოგვთავაზოს იმდენი ფილმი, რომ ფესტივალის ყოველ წელს ჩატარება გამართლებული იყოს, მაგრამ ერთი რამ ცხდია: წელს ფესტივალი გამორჩეულ პროგრამას გვთავაზობს. პროგრამის შემდგენლებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, იყო თუ არა ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები ბრიტანულ დისტრიბუციაში. მთავარი მიზანი იყო მაყურებლისთვის ეჩვენებინათ საუკეთესო ფილმები, რომლებიც შეიქმნა 2013 წლის ფესტივალის შემდგომ.
ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილი ფილმი – ზაზა ურუშაძის „მანდარინები” – ამჟამად გადის ბრიტანულ კინოთეატრებში. იგი ნომინირებული იყო ოსკარზე და ოქროს გლობუსზე. ფილმი პირველი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა. მოვლენები ვითარდება 1992 წელს: ქართველები იბრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტი აფხაზების წინააღმდეგ. მთავარი პერსონაჟი ივო (ლემბიტ ულფსაკი), წარმოშობით ესტონელია. ის ეხმარება მის მეგობარ მაგნუსს (ელმო ნუგანენი), რომელიც ცდილობს გადაარჩინოს მანდარინის პლანტაცია. ივო შეიფარებს ორ დაჭრილ ჯარისკაცს: ჩეჩენ „ბოევიკ” აჰმედს (გიორგი ნაკაშიძე) და ქართველ მებრძოლს – ნიკოს (მიშა მესხი). ამ ორ ჯარისკაცს აშკარა სიძულვილი აქვთ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ივოს ბრძნული ჩარევის წყალობით ისინი თანდათან ამჩნევენ ერთმანეთის მსგავსებებს და პატივს სცემენ განსხვავებებს.თხრობის სტილი საკმაოდ სიტყვაძუნწია, მაყურებელი უნდა ჩაწვდეს ქვეტექსტს და ალუზიას იმ დაპირისპირებებზე, რომლებიც წარმოიშვა ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში.
კიდევ უფრო სიტყვაძუნწი, თითქმის უხმო ფილმი, გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული”, არის 2014 წლის კარლოვი ვარის ფესტივალის გამარჯვებული. ფილმს კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება მოყვა, ხოლო Variety მას აღწერს, როგორც “უზომო მოკრძალებით წარმოდგენილ გამაოგნებელ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს”, Hollywood Reporter წერს, რომ ეს ფილმი არის: “ემოციურად დამუხტული მინიმალიზმის მასტერ-კლასი”. ფილმი მოგვითხრობს ორ ფერმერზე – ბაბუასა (ილიას სალმანი) და შვილიშვილზე (მარიამ ბუთურიშვილი), რომლებიც ცდილობენ სიმინდი დათესონ და მოსავალი აიღონ. ფილმში ასკეტური ესთეტიკა შერწყმულია თითქმის უხმო თხრობასთან ტარკოვსკისა და ტერენს მალიკის სტილში. მოქმედება აქაც ვითარდება 1992 წლის კონფლიქტის ფონზე, რომელსაც შეეწირა 20 000 ადამიანის სიცოცხლე, ხოლო 250 000 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.
1992 წლის ომი ასევე წარმოდგენილია ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის ფილმში „გრძელი, ნათელი დღეები”. ფილმი ემყარება ნანა ექვთიმიშვილის პირად მოგონებებს და მოგვითხრობს ორი მოზარდი გოგონას მეგობრობაზე. ნათიას მშობლების კონფლიქტი ფარულად ასახავს სამოქალაქო ომს, რომელიც მიმდინარეობს ახლად-დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ეკას მამა ციხეშია, დედა კი მალავს მამის დაპატიმრების მიზეზს. ფილმი ასევე ეხება შემდეგ თემებს: იძულებითი ქორწინება, პურის რიგები და ძალაუფლების მქონე ადამიანების ტირანია.
ფესტივალზე წარმოდგენილი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფილმია „შემთხვევითი პაემნები”. ფილმი მოგვითხრობს ორმოც წელს მიტანებულ ორ მამაკაცზე, რომლებიც ეძებენ სიყვარულს, როგორც თავის დაღწევის საშუალებას. ისინი საეჭვო პაემანზე მიდიან. მათ შესახვედრად მხოლოდ ერთი გოგონა მოდის, აქედან იწყება ღალატის და კრიმინალის ისტორიები. ფილმის რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მუდამ აოცებს მაყურებელს კრეატიული ნარატიული მოულოდნელობებით.
ფესტივალის ფარგლებში შედგება ინტერვიუ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველ რეჟისორთან – ოთარ იოსელიანთან. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მარტო, საქართველო” (1994). ფილმი მოგვითხრობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ისტორიას პეიზაჟების, ხელოვნების ნამუშევრების, სამოქალაქო ომის და ქართული ფილმების ფრაგმენტების მეშვეობით.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის შემდეგ ქართულმა კინომ ისევ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიო კინემატოგრაფში.
კინოარქივიდან ფესტივალზე წარმოდგენილია სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც ოცდაათიან წლებში საბჭოთა დაფინანსებით შეიქმნა. ეს ფილმებია: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი” (1930), „ათი წუთი დილით” (1931) და „კოლმეურნის ჰიგიენა” (1934).
ქართული კინოს საერთაშორისო მასშტაბს ეხმიანება შეხვედრა მოჰსენ მაჰმალბაფთან, ირანული კინოს ოთხმოციანელთა თაობის რეჟისორთან, რომლის ბოლო ნამუშევარი „პრეზიდენტი” გადაღებულია საქართველოში. ფილმი არის იგავი სახელმწიფოს მეთაურზე, რომელიც გადის ხალხში და ამით ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენს. ფილმის მთავარი გმირი რომ თანამედროვე საქართველოში მოგზაურობდეს, აუცილებლად აღფრთოვანდებოდა ქართული კინოს მიღწევებით.
ქართული ფილმების ფესტივალი ლონდონში ხვალ დასრულდება.
სტატიის ორიგინალი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე : http://www.independent.co.uk/arts-entertainment/films/features/georgian-cinema-the-former-soviet-bloc-nation-is-now-a-movie-making-hot-spot-a6683351.html