20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას შესთავაზებს ღონსიძიებათა ციკლს , რომელიც 1920-იანი წლების ქართულ კინოს ეძღვნება.
20 ნოემბერს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნულ არქივში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით “1920-იანი წლების ქართული კინო”. წიგნი-ალბომი აერთიანებს საინტერესო სტატიებს გასული საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტების შესახებ, ფილმოგრაფიას, უნიკალურ ფოტოებსა და საარქივო მასალას. წიგნის რედაქტორები არიან კინომცოდნეები: ნინო მხეიძე და არჩილ შუბაშვილი.
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, 18:00 საათზე რეტროსპექტივას გახსნის ნიკოლოზ შენგელაიას ფილმი “ელისო”(1928). “ელისოს” გარდა, მაყურებელს ერთი თვის მანძილზე შესაძლებლობა ექნება პირველად იხილოს დიდ ეკრანზე 1920-იან წლებში შექმნილი და ახლა უკვე აღდგენილი ქართული ფილმები: “არსენა ჯორჯიაშვიული”, “არსენა ყაჩაღი”, “ჯანყი გურიაში”, “სურამის ციხე”, “მამის მკვლელი”, “ახალგაზრდობა იმარჯვებს”, “ნორჩი მფრინავი”, “კრაზანა”, “ამოკი”, “ქალი ბაზრობიდან”, “მათი სამეფო”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “გოგი რატიანი”, “უაილდ ვესტის მხედარი”, “უკანასკნელ საათს”, “საბა”, “ჩემი ბებია”, “გიული”, “იბრაჰიმი და გოდერძი”, “ჰოლტზე”. ფილმებს მაყურებელს წარუდგენენ კინომცოდნეები: ირაკლი მახარაძე, ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე და თეო ხატიაშვილი.
რეტროსპექტივა დაიხურება 19 დეკემბერს, 18:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” ივანე პერესტიანის ფილმით “არსენა ჯორჯიაშვილი”, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა. კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა სპეციალურად ფილმისთვის დაწერა მუსიკა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები სეანსის დროს ცოცხლად შეასრულებენ.
წიგნის პრეზენტაციისა და რეტროსპექტივის გარდა, პროექტი “ქართული კინო 1920-1930” მოიცავს საჯარო ლექციების ციკლს, რომელთაც ირაკლი ხვადაგიანი, ლაშა ბაქრაძე, ლევან კალანდარიშვილი, შოთა იათაშვილი და ნანა ყიფიანი ეროვნულ არქივში 24 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარებენ.
კინოჩვენებებისა და საჯარო ლექციების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდ”-იდან ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია 34.
1920-1930 წლების რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით. პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული არქივი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.
პირველი (20 ნოემბერი) და ბოლო (19 დეკემბერი) ღონისძიებების გარდა, ყველა კინოჩვენებასა და საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია. ეროვნული არქივის კინოდარბაზში დაიშვება მხოლოდ 70 სტუმარი ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით!