2015 წლის 1-7 ოქტომბერს ლონდონის ვესტენდში,
კინოთეატრ REGENT STREET CINEMA-ში ჩატარდება ქართული ფილმების რიგით მე-4 ფესტივალი
„კინოში ასახული ცხოვრება”. REGENT STREET
CINEMA არის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული
ცენტრი ლონდონში, 180-ადგილიანი კინოდარბაზით, სადაც ბრიტანელ მაყურებელს წელს კვლავ
მიეცემა საშუალება, გაეცნოს თანამედროვე ქართული კინოს საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ
და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართული კინოკლასიკის და ძველი შედევრების აღდგენილ ნიმუშებს.
ფესტივალის ფარგლებში შედგება რამდენიმე მსოფლიო და ბრიტანული პრემიერა. უკვე რამდენიმე
წელია, რაც ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია.
ქართული ფილმების ფესტივალი ლონდონში პირველ
ოქტომბერს ზაზა ურუშაძის „მანდარინებით” გაიხსნება, რომელსაც თავად რეჟისორიც დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ ფილმი ახლახანს ჩაერთო ბრიტანულ დისტრიბუციაში. 4 ოქტომბერს შედგება
ინტერვიუ ოთარ იოსელიანთან , რომელიც 6 ოქტომბერს საზოგადოებას თავის ახალ ფილმს „ზამთრის
სიმღერა” წარუდგენს. ნაჩვენები იქნება ბოლო პერიოდში გადაღებული წარმატებული ფილმები
: „არ ისუნთქო”, „სიმინდის კუნძული”, „გრძელი, ნათელი დღეები”, „პატარძლები”, „შემთხვევითი
პაემნები” … ასევე
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა დისკუსია „ქართული ლიტერატურა კინოში”, რომელშიც მონაწილეობას
მიიღებენ აკა მორჩილაძე, დონალდ რეიფილდი, ნანუკა ჩიჩუა და ამერიკელი პოეტი ლაინ კოფინი,
რომელმაც სულ ახლახანს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი” თარგმნა. გარდა ამისა, ლონდონის
ისტ-ენდში, კინოთეატრ Rich Mix Cinema-ს კაფეში გაიმართება სპეციალური საღამო, სადაც
ქართველი მუსიკოსების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკის თანხლებით ნაჩვენები იქნება
ქართული უხმო კინოს შედევრი “ლურსმანი ჩექმაში” (რეჟისორი – მიხაილ კალატოზოვი,
1931). ფესტივალის სრული პროგრამა
შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: http://lifethroughcinema.com/assets/Festival_Programme_2015-1.pdf
უკვე ცნობილია იმ ქართველ კინემატოგრაფისტთა
სია, რომლებიც ფესტივალზე გაემგზავრებიან. ლონდონში კინოჩვენებებს დაესწრებიან : ზაზა
ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ლევან თუთბერიძე, ოთარ იოსელიანი, ნინო კირთაძე, ლაშა ცქვიტინიძე,
უტა ბერია, თორნიკე ბზიავა, ტატო კოტეტიშვილი, რეზო კიკნაძე, თინათინ ყაჯრიშვილი და
ლაშა ხალვაში. ფესტივალის პროგრამა კი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
ფესტივალის დაწყებამდე, 16 სექტემბერს ვესტმინსტერის
უნივერსიტეტში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრნენ: ლონდონის კინოფესტივალის
დირექტორი ჯეისონ ოსბორნი, ქართული ფესვების მქონე ცნობილი მსახიობი მარიამ დაბო, რეჟისორი
მოხსენ მახმალბაფი, კინოდოკუმენტალისტი დეივიდ ტომპსონი, ჟურნალისტი ჯეიმს ნორტონი,
აკა მორჩილაძე, ქეთი ჯაფარიძე, რევაზ გაჩეჩილაძე და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
თბილისიდან პრესკონფერენციას ვირტუალურად შეუერთდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
ნანა ჯანელიძე, რომელმაც ქართული კინო კიდეც ერთხელ წარუდგინა ლონდონში მყოფ სტუმრებს.
წლევანდელი ფესტივალი, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა
თავისი ადგილი და მნიშვნელობა ლონდონის კულტურულ
რუკაზე და მას უკვე თავისი ერთგული მაყურებელი ელის, ემთხვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულინაკრების თამაშებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისში.
ფესტივალი, რომელსაც უკვე 10 წლის ისტორია აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული კულტურული მოვლენაა
ბრიტანეთში. ქართული კინო ის მედიატორია, რომლის მეშვეობით ბრიტანელი მაყურებელი უნიკალურ
ქართულ კულტურასა და ლანდშაფტს აღმოაჩენს, ხოლო უცხოელ რეჟისორებსა და პროდიუსერებს
უჩნდებათ სურვილი, გადაიღონ ფილმები საქართველოში, დაგეგმონ ახალი კოპროდუქციები. ამის ერთი ნათელი
მაგალითია ცნობილი ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მაჰმალბაფის მხატვრული ფილმი „პრეზიდენტი”
(2014), რომელიც ქართული ჯგუფის მიერ და ქართველი
მსახიობების მონაწილეობით საქართველოშია გადაღებული და რომლის გადაღების იდეაც სწორედ
ლონდონის ფესტივალზე დაიბადა.
ფესტივალის სტუმრები სხვადასხვა დროს იყვნენ ქართული კინოს ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენლები,
როგორებიც არიან ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია,
ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, კახი კავსაძე, დიტო ცინცაძე, ნინო კირთაძე, ნანა
ჯანელიძე, მერაბ ნინიძე, ასევე ქართული კინოს ახალი თაობის წარმომადგენლები, კინორეჟისორები ზაზა
ურუშაზე, გიორგი ოვაშვილი, ლევან კოღუაშვილი, თინათინ გურჩიანი, რუსუდან ჭყონია და
სხვები.