ქართული ფილმი "სხვისი სახლი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებულია პროგრამაში East Of The West
ივლისი 10, 2016
რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
“სხვისი სახლი” საუკეთესო ფილმად საკონკურსო პროგრამაში East of the West აღიარეს.
დაჯილდოვების ცერემონია 9 ივლისს კარლოვი ვარში გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი წელს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იყო, რომელსაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი “ბროლის გლობუსი” აქვს მიღებული ფილმისთვის “სიმინდის კუნძული” (2014).
კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება. იგი ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება კანის, ბერლინის, ვენეციის, სან სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად. ცნობილი კინემატოგრაფისტები, დისტრიბუტორები და ჟურნალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ კარლოვი ვარის კინოფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.