ქართულ-გერმანულმა კოპროდუქციამ “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა
ივნისი 29, 2021

25 ივნისს ევროპის საბჭოს კინოფონდ “ევრიმაჟის” მორიგ, 163-ე სამუშაო სესიას სტრასბურგმა ონლაინ ფორმატში უმასპინძლა.

“ევრიმაჟის” გადაწყვეტილებით, 163-ე სამუშაო სესიაზე სულ 49 ფილმის პროექტი დაფინანსდა 10,816,000 ევროს ოდენობით, მათ შორის ქართულ-გერმანული კოპროდუქცია “გონდოლა”. ფილმის რეჟისორია ფაიტ ჰელმერი, ხოლო კოპროდიუსერი ციაკო აბესაძე. გადაღებები საქართველოში, კერძოდ კი ხულოს რაიონში იგეგმება.

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე კინოფონდის მიერ მხარდაჭერილია 17 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია, ქართული პროექტების დასაფინანსებლად კი გაცემულია 3 322 322 ევრო.

2019 წლის ივლისიდან “ევრიმაჟში” საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე იკავებს.