ღია წერილი მინისტრს
ივლისი 31, 2020
ეროვნულ კინოცენტრში შემოვიდა კინემატოგრაფისტებისა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლების ღია წერილი განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიმართ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ღია წერილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს,

ბატონ მიხეილ ჩხენკელს

 

ბატონო მინისტრო,

უკვე ორი კვირაზე მეტია, სამუშაო დღეებში კულტურის სამინისტროს შენობასთან მიმდინარეობს გია კაჭარავას საპროტესტო აქცია, რომელსაც კინემატოგრაფისტთა პატარა ჯგუფი ესწრება 4-5 კაცის შემადგენლობით.

გია კაჭარავა თავისი ფეისბუქ-გვერდის და ინტერნეტის სხვა საშუალებებით ავრცელებს ვიდეომიმართვებს, რომელთა შინაარსი და პათოსი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, ქართველი კინემატოგრაფისტების და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ხელს ვაწერთ ამ წერილს.

ვიდეო მიმართვებში გია კაჭარავა თავს ესხმის ეროვნული კინოცენტრის მოქმედ დირექტორს, ბატონ გაგა ჩხეიძეს, უწოდებს მას დამნაშავეს, აყენებს შეურაცხყოფას, წამებს ცილს კორუფციასა და გარიგებებში და, რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, ემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორებით, ასევე ემუქრება, რომ არ შეუშვებს შენობაში და არ მისცემს მას თავისი ფუნქციის შესრულების საშუალებას. ყველა ეს ვიდეო ადვილად ხელმისაწვდომია, და, სურვილის შემთხვევაში, მოგაწვდით სამინისტროში. გია კაჭარავას საქციელში აშკარაა პიროვნების მიმართ განხორციელებული ბულინგი და ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ინსტიტუციის ხელმძღვანელზე ზეწოლის მცდელობა.

ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, მოგახსენოთ, რომ გაგა ჩხეიძე 30 წელზე მეტია, მოღვაწეობს კინოს სფეროში. მან, როგორც კულტურის და კინოს მენეჯერმა უდიდესი გამოცდილება შეიძინა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კინოორგანიზაციში, „არსენალში“ და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მუშაობის 10 წლის მანძილზე. 2000 წელს საქართველოში დაბრუნებისთანავე მან შექმნა კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ და დააარსა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიება.

2005-2008 წლებში ის უკვე ერთხელ იყო ეროვნული კინოცენტრის არჩეული დირექტორი. მის სახელს უკავშირდება კინოცენტრის სტრუქტურის ჩამოყალიბება, კანონქვემდებარე აქტების დახვეწა და ე.წ. 90-იანი წლების კრიზისის დამთავრება ქართულ კინოში. გაგა ჩხეიძე წლების მანძილზე ეწეოდა ქართული კინოს პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ის არის ავტორი უამრავი კინოპროექტის, ქართული კინოს ფესტივალების და კვირეულების ორგანიზატორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველად მან მიაღებინა ოფიციალურად მონაწილეობა ქართველ კინემატოგრაფისტებს ევროპულ კინობაზარზე ბერლინში. მან პირველმა დაამყარა კავშირი ევროპის საბჭოს პროგრამა „ევრიმაჟთან“. მისი მოწვევით თბილისს 2006-2007 წლებში ესტუმრა „ევრიმაჟის“ ორი დირექტორი.

გაგა ჩხეიძემ დააარსა ჯილდო „ოქროს პრომეთე“, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო ქართულ ფილმებს გადაეცემა თბილისის კინოფესტივალზე. სწორედ გაგა ჩხეიძის დამსახურებაა, რომ ბოლო ორ წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ქართულ კინომემკვიდრეობას ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის ფარგლებში, ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, გაგა ჩხეიძეს არ სურდეს „ეროვნული ქართული კინო“ და სურდეს „არაქართული კინო“. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას სურს კარგი ქართული კინო და ძალებს არ იშურებს ამისთვის. შეგახსენებთ, რომ სწორედ მისი დირექტორობის პერიოდში დასრულდა და შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი მხატვრული ფილმები, როგორიცაა ლევან ზაქარეიშვილის „თბილისი თბილისი“, გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“, ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეები“, დავით ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნები“, ზაზა ურუშაძის „სამი სახლი“ და არაერთი დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

2019 წელს 14-კაციანმა კომისიამ გაგა ჩხეიძე მეორედ აირჩია ხმათა უმრავლესობით ეროვნული კინოცენტრის დირექტორად იმ საინტერესო პროგრამის და რეფორმატორული გეგმის საფუძველზე, რომელიც მან წარუდგინა კომისიას.

ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გაგა ჩხეიძე არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი თავისი საქმიანობის დროს, არასდროს ბოროტად არ გამოუყენებია თავისი თანამდებობა, არის ღია და გახსნილი ნებისმიერი განსხავებული თუ კრიტიკული აზრის მოსასმენად. რამდენადაც ჩვენ ვაკვირდებით, გაგა ჩხეიძე გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს ერთპიროვნულად. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება თანამშრომლებთან და კინოსექტორთან საფუძვლიანი კონსულტაციების შედეგად. ჩვენთვის ასევე კატეგორიულად მიუღებელია გია კაჭარავას ვიდეომიმართვებში გაჟღერებული შეურაცხმყოფელი გამოთქმები და ეპითეტები კინოცენტრის თანამშრომლების მისამართით. გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით ეროვნული კინოცენტრი მუშაობს არსებული კანონმდებლობისა და დადგენილი წესების სრული დაცვით.

ბევრ ჩვენთაგანს უმუშავია კინოცენტრის კომისიებში ან თავად ყოფილა სხვადასხვა კონკურსის მონაწილე. არ გვახსენდება არცერთი შემთხვევა, რომ გაგა ჩხეიძე ჩარეულიყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან ზეწოლა მოეხდინოს კომისიის წევრებზე. მის ობიქტურობაში, კეთილსინდისიერებაში და კანონმორჩილებაში ეჭვი არავის გვეპარება. სრულიად დაუჯერებელია, როცა გია კაჭარავა გაგა ჩხეიძესთან მიმართებაში ხმარობს სიტყვებს „ჩაწყობები“, „გარიგებები“, „ნეპოტიზმი“, ან როცა ის საუბრობს მის მიერ „ქართველი რეჟისორების დისკრედიტაცია-დისკრიმინაციაზე“ ან „სიბილწეების დამკვიდრების პოლიტიკაზე“. კაჭარავას ბრალდებები თავისთავად ვრცელდება ყველაზე, ვისაც მონაწილეობა მიუღია კომისიების მუშაობაში ან გაუმარჯვია კონკურსებში.

აღმაშფოთებელია ის ინსინუაციები და ბრალდებები, რომლებიც კაჭარავამ გააჟღერა გაგა ჩხეიძის მიმართ თქვენდამი გამოგზავნილ ღია მიმართვაში. ამ ღია მიმართვამ ბევრ ჩვენთაგანს გაახსენა 1937 წელი, როცა ადამიანებს შეთითხნილი ბრალდებებით ხვრეტდნენ ან გულაგში უშვებდნენ. საბედნიეროდ, თქვენ ბრძანდებით დემოკრატიული სახელმწიფოს მინისტრი, სადაც კონსტიტუცია ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია, ხოლო ადამიანის ღირსება სახელმწიფოს მიერ არის დაცული. სწორედ ღირსების შელახვას ცდილობს გია კაჭარავა ყოვლად მიუღებელი მეთოდებით. როგორც ჩანს, მას არ ესმის ისიც, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მიუხედავად. კაჭარავას საჯარო განხილვის თემა არ შეიძლება იყოს სხვისი რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებები და პირადი ცხოვრება.

ბატონო მინისტრო, გთხოვთ, მიიღოთ ზომები, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს ცილისმწამებლური კამპანია ეროვნული კინოცენტრის დირექტორის წინააღმდეგ. ეს აქციები ზიანს აყენებს არა მხოლოდ გაგა ჩხეიძის რეპუტაციას როგორც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, არამედ სრულიად აუტანელ, სტრესულ პირობებში აყენებს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძირითადად დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიდიან კინოცენტრის ოფისში.  სწორედ ახლა ჭირდება თქვენი სამინისტროს სსიპ-ის ხელმძღვანელს თქვენი თანადგომა, და არა მარტო მას, არამედ ყველა იმ ხელოვანს და პროფესიონალს (მათ შორის თქვენი ერთი სხვა სსიპ-ის ხელმძღვანელიცაა), რომელთაც გია კაჭარავა ლანძღავს და ცილს წამებს.

ასევე ვთხოვთ გია კაჭარავას, შეწყვიტოს ქუჩის აქციები და მიმართოს სამართლებრივ გზას, თუ იგი თვლის, რომ კანონი ირღვევა. დანაშაულის დაბრალება ძალიან ადვილია, მაგრამ მის დადასტურებას მტკიცებულებები და სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება.

ასევე ვთხოვთ გაგა ჩხეიძეს, იმოქმედოს სამართლებრივი გზით, თუ მასაც მიაჩნია, რომ ის არის ბულინგის, მუქარის და ცილისწამების მსხვერპლი. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველა დავა სამართლებრივად უნდა გადაიჭრას.

ეროვნულ კინოცენტრს ვთხოვთ, დააჩქაროს კანონის და მისი ქვემდებარე აქტების რევიზია, კიდევ უფრო ინტენსიურად იმუშაოს კინოპოლიტიკის საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად და ამისთვის გამართოს გაფართოებული კონსულტაციები კინოსექტორის წარმომადგენლებთან. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა საგანგებო სიტუაციამ აშკარად შეუშალა ხელი ამ პროცესებს და კინოცენტრის საქმიანობას ზოგადად.

პატივისცემით

 

ნუცა ალექსი-მესხიშვილი, რეჟისორი

ნინო ანჯაფარიძე, კინოფესტივალის დირექტორი

ვანო არსენიშვილი, რეჟისორი

ნინო ახვლედიანი, რეჟისორი

თამარ ბართაია, რეჟისორი/სცენარისტი

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი, მსახიობი

ესმა ბერიკიშვილი, პროდიუსერი

ილია ბექაური, ქართული ფილმის განვითარების ფონდი

თორნიკე ბზიავა, რეჟისორი

მარიამ ბიწაძე,  პროდიუსერი

იოსებ ბლიაძე, რეჟისორი

დავით ბუხრიკიძე, კინომცოდნე

დავით გაბუნია, მწერალი

გოგი გვახარია, კინომცოდნე

თორნიკე გოგრიჭიანი, რეჟისორი

თამთა გოჩიტაშვილი, გოეთეს ინსტიტუტი

პაატა გოძიაშვილი, პროდიუსერი

მარი გულბიანი, კინორეჟისორი

დავით დავითიანი, კინომცოდნე

ქეთი დანელია, პროდიუსერი

ზურაბ დიასამიძე,  პროდიუსერი

ზვიად დოლიძე, კინომცოდნე

ქეთი დოლიძე, რეჟისორი, მსახიობი

გიორგი ვარსიმაშვილი, რეჟისორი

ვაჟა ზუბაშვილი, რეჟისორი

მარგო ზუბაშვილი, რეჟისორი

მარიამ ზუბაშვილი, ჟურნალისტი/კულტურის მენეჯერი

შორენა თევზაძე. რეჟისორი

სოფო თორთლაძე, ფესტივალის ორგანიზატორი

ლევან თუთბერიძე, რეჟისორი

სულხან თურმანიძე, პროდიუსერი

შოთა იათაშვილი, მწერალი

დათო კაკაბაძე, ჟურნალისტი/სცენარისტი

ნინია კაკაბაძე, კინომცოდნე

მარიამ კანდელაკი, რეჟისორი

ლალი კიკნაველიძე, რეჟისორი/პროდიუსერი

რეზო კიკნაძე, კომპოზიტორი

ლევან კიტია, რეჟისორი

მაკა კუკულავა, კინომცოდნე/სცენარისტი

ვახო კუნცევ-გაბაშვილი, რეჟისორი

მანანა ლეკბორაშვილი, კინომცოდნე

ოთარ ლითანიშვილი, რეჟისორი

ანუკა ლომიძე,  კინომცოდნე

ბექა მაისურაძე, კინომცოდნე

დიმიტრი მამულია, კინორეჟისორი

გიორგი მასხარაშვილი,  კინორეჟისორი

დიანა მაღლაკელიძე, კინომცოდნე

თეკლა მაჭავარიანი, პროდიუსერი

ირაკლი მეტრეველი, პროდიუსერი

ელენა მიქაბერიძე, რეჟისორი

ნათია მიქელაძე, გოეთეს ინსტიტუტი

გიორგი მუხაძე, რეჟისორი/პროდიუსერი

ნინო მხეიძე, კინომცოდნე

თიკო ნადირაშვილი, პროდიუსერი

ელენე ნავერიანი, რეჟისორი

მერაბ ნინიძე, მსახიობი

გივი (ბესო) ოდიშარია, სცენარისტი

ნინო ორჯონიკიძე, რეჟისორი

ლელა ოჩიაური, კინომცოდნე

ირინე ჟორდანია, რჟისორი/სცენარისტი

გიორგი რაზმაძე, კინომცოდნე

ირაკლი სამსონაძე, სცენარისტი

ჟანა სარდლიშვილი, პროდიუსერი

ნატო სიხარულიძე, პროდიუსერი

ბესო სოლომანაშვილი, რეჟისორი/მწერალი

თამარ სულამანიძე, რეჟისორი

სანდრო სულაძე, კინორეჟისორი

პეტერ სტეენი, კინომენეჯერი

ირაკლი ფანიაშვილი, რეჟისორი

დავით ქემხაძე, რეჟისორი

არჩილ ქიქოძე, მწერალი

გიორგი ქობალია, პროდიუსერი

ნინუკა ქოიავა, რე

ლევან ღლონტი, რეჟისორი

გურამი ღონღაძე, რეჟისორი

გიორგი ყაჯრიშვილი, ხელოვნებათმცოდნე

თამარ შავგულიძე, რეჟისორი

ალეკო შუღლაძე, მწერალი

სოფო ჩხაიძე, პიარ მენეჯერი

ალეკო ცაბაძე, რეჟისორი

ლევან ცერცვაძე, სცენარისტი, მწერალი

ანა ციმინტია, რეჟისორი/სცენარისტი

ლაშა ცქვიტინიძე, რეჟისორი

გიორგი ცხვედიანი, სცენარისტი/რეჟისორი

ნინო ძანძავა, კინომცოდნე

ანნა ძიაპშიპა, რეჟისორი/პროდიუსერი

გიორგი წილოსანი, რეჟისორი

მარიამ ჭაჭია, რეჟისორი/პროდიუსერი

ანა ჭყონია, კინომცოდნე

თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე

კოტე ჯანდიერი, სცენარისტი/მწერალი

ქეთი ჯაფარიძე,  კინომცოდნე

სალომე ჯაში, რეჟისორი

ნინო ჯინჭარაძე, პროდიუსერი

ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი

ხათუნა ხუნდაძე, “ქართული ფილმის” დირექტორი

ეკატერინე ჭელიძე, რეჟისორი
ელენე მარგველაშვილი, პროდიუსერი
კოტე კალანდაძე, რეჟისორი
ელენე ფასური, ხელოვნებათმცოდნე
არჩილ შუბაშვილი, კინომცოდნე
ლევან შუბაშვილი, რეჟისორი