„შემოქმდებითი ევროპის“ მხარდაჭერით საქართველოში კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია იარსებებს
თებერვალი 12, 2020

21 თებერვალს, 12:30 საათზე, მრავალფუნქციურ სივრცეში „ტერმინალი“ (მის: თბილისი, აბაშიძის #34) ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას წარუდგენს კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმას, რომელიც ევროკავშირის პროგრამის – „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარდა პროექტში „კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER) ჩართულნი არიან იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სერბეთი და სლოვენია.

კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა შედგება რამდენიმე აპლიკაციისგან. იგი მომხმარებელს გააცნობს კინოსპეციფიკას – კადრის, მონტაჟის, ხმისა და გამოსახულების შექმნის პროცესს, ამბის თხრობის თავისებურებებს და შესთავაზებს კინოტერმინების ლექსიკონს. პირველ ეტაპზე ონლაინ რესურსზე წვდომა იმ კინომისიონერებს (კინოსპეციალისტებს) იქნებათ, რომლებიც მუშაობენ პროექტზე „კინო სკოლაში“, რაც მოზარდებში კინოგანათლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ეროვნული კინოცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. 2014 წლიდან დღემდე პროექტში ჩართულია საქართველოს ყველა რაიონი (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები), 900 სკოლაში გაიმართა 12 000-ზე მეტი კინოჩვენება-დისკუსია, კინოსკოლელებმა გადაიღეს 40-მდე ფილმი, შექმნეს 900-ზე მეტი კინოაფიშა, დაწერეს არაერთი რეცენზია… სხვადასხვა დროს პროექტის საუკეთესო მონაწილეები ეწვიენ კინოსტუდია „ქართულ ფილმს“, დაესწრნენ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს და ითამაშეს კინოთემატიკაზე შექმნილი ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.

2019 წლიდან „კინო სკოლაში“ უკვე მეორედ შეუერთდა „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ დაფინანსებულ პროექტს. შედეგად, საერთაშორისო ექსპერტების მიერ შექმნილი კინოენისა და კინონაწარმოების შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსი ითარგმნა ქართულ ენაზე. მისი გამოყენება პრაქტიკაში  შესაძლებელი იქნება 2020 წლიდან.