ტონინო გუერას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებას მისი მეუღლე – ლორა გუერა დაესწრება
ნოემბერი 18, 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება მიხეილ მრევლიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით „გამარჯობა, ქარი ქრის“. ფილმის ჩვენება 20 ნოემბერს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრში შედგება.

ფილმი ეძღვნება იტალიელ პოეტს, დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს – ტონინო გუერას, მოიცავს ფრაგმენტებს მისი ბიოგრაფიიდან და აერთიანებს იმ დოკუმენტურ მასალას, რომელიც გადაღებულია როგორც მაესტროს სიცოცხლეში, ასევე, მისი გარდაცვალების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ფილმის ჩვენებას ტონინო გუერას მეუღლე – ლორა გუერა დაესწრება.

ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო. ფილმის სათაური „გამარჯობა, ქარი ქრის“ ტონინო გუერამ თბილისში, 2000 წელს, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის გამართულ მასტერკლასზე გააჟღერა. ტონინო გუერას გარდა, ფილმში შეხვდებით ფედერიკო ფელინის, მიქელანჯელო ანტონიონის, ფრანჩესკო როზის, პაოლო და ვიტორიო ტავიანებს, ჯუზეპე ტორნატორეს, ვიმ ვენდერსს, თეო ანგელოპულოსსა და კარლა ფრაჩის.

ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.